გილაური: ჩვენი მიზანი ახალი არჩევნებია, ნებისმიერი წნეხი, რომელიც ამას დააჩქარებს, კარგია

პუბლიკა

ის ბიზნესმენები, რომლებმაც ხელი მოაწერეს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას და მხარი დაუჭირეს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას, „შერატონ მეტეხი პალასში” შეიკრიბნენ და ქვეყანაში არსებული ვითარება და მისი ეკონომიკაზე გავლენა განიხილეს. ბიზნესების მოთხოვნა არის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაც.

ბიზნესმენმა ნიკა გილაურმა განცხადა, „მათი მიზანი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა, ხოლო ნებისმიერი წნეხი, რომელიც ამას დააჩქარებს, ქვეყნისთვის მხოლოდ კარგია”.

გილაურის თქმით, 2025 წელი ეკონომიკის თვალსაზრისით რთული იქნება, შესაბამისად, არარეალისტურად მოჩანს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

„ჯერ კიდევ ბოლომდე არ ასახულა ჩვენს ეკონომიკაზე ის პოლიტიკური კრიზისი, რაშიც საქართველო არის შესული, თუმცა აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი მიუთითებს იმისკენ, რომ ჩვენ არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ნოემბერს და დეკემბერში უკვე ვნახეთ ტურიზმის რიცხვები.

იანვარშიც არანაირად არ არის უკეთესი. ამას ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოდინებების შემცირება, ამას ემატება პირდაპირი ინვესტიციების შემცირება, ანუ რეალურად კითხვის ნიშნები ისმევა იმ რიცხვებთან დაკავშირებით. რომელ რიცხვებზეც მთავრობას აქ აწყობილი 2025 წლის ბიუჯეტი – გათვალისწინებული აქვს 6%-იანი ზრდა, რაც ძალიან არარეალისტურად ჩანს.

შესაბამისად, ისმება კითხვები, რა რეაქცია ექნება ჩვენს ეკონომიკას ამ კრიზისთან დაკავშირებით.

ჩვენი მიზანი არის ახალი არჩევნები. ნებისმიერი წნეხი, რომელიც დააჩქარებს ახალ არჩევნებს, ქვეყნისთვის მხოლოდ კარგია”. – განაცხადა ნიკა გილაურმა ბიზნეს სექტორის შეხვედრის დაწყებამდე.

“ჯანდაცვის ჯგუფის” გენერალური დირექტორი, ინვესტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისი უკვე გადადის ეკონომიკურ კრიზისში.

„პოლიტიკური კრიზისი უკვე გადადის ეკონომიკურ კრიზისში. ამის ნიშნები უკვე არის. ქვეყანა არის იზოლაციის ზღვარზე. ჩვენი ყველა დასავლელი პარტნიორისგან გაჩერებულია ფინანსური დახმარებები, გაჩერებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, შემცირებულია ტურიზმი – ეს გავლენას ახდენს დოლარის შემოდინებაზე.

ყველაზე დიდი შიში, რაც შეიძლება მოსახლეობას და ბიზნესს უნდა ჰქონდეს, არის ის, თუ რა წნეხი იქნება შემდგომში ლარსა და ფასების ზრდაზე”. – თქვა გამყრელიძემ.

„კოკა კოლის” და „მაკდონალდსის” მფლობელმა საქართველოში, თემურ ჭყონიამ კი განაცხადა:

„გარედან იზოლაცია დაწყებულია და იმის მაგივრად, რომ კომუნიკაცია გააძლიერონ ან დიპლომატია ჩართონ, პირიქით, სხვა მიმართულებით მიდიან. იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გვინდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. აქ არ არის მხოლოდ ბიზნესზე საუბარი, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი უნდა ვიცოდეთ, რა მომავალი გვაქვს. „ყველაფერი კარგად იქნება 2030 წელს” – ეს ფორმულა ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს თვეების, წლების, კვარტლების მიხედვით, რა იქნება და როგორ.

როცა საუბრობენ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა 6-7%-ია, ამ ხალხის გაკეთებულია, რომელსაც ხედავთ. ეს არ არის იმ ადამიანების გაკეთებული, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტები არიან, პირიქით, ჩვენი შრომის შედეგად არჩენენ ოჯახს, სახელმწიფოს და ხელფასებს იღებენ“, – განაცხადა ჭყონიამ.