გილდია: რეორგანიზაცია განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს

პუბლიკა

კულტურის და მედიის სფეროში შექმნილი დამოუკიდებელი პროფკავშირი „გილდია“ კინოცენტრთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ორგანიზაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და კანონის მოთხოვნებთან სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისობის ანალიზს გვთავაზობს.

ბოლო ერთი წლის მოვლენების მიმოხილვასთან ერთად, განცხადებაში საუბარია რეორგანიზაციის გამოცხადების წინაპირობებზე და კანონთან შესაბამისობის საკითხებზე.

პროფკავშირის განცხადებით, ეროვნულ კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაცია განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციისა და დასაქმებულებზე ანგარიშსწორების ნიშნებს შეიცავს.

„გილდია“ მიმართავს კულტურის მინისტრსა და ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელს:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი და დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული ქმედებები;
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესი, მინისტრის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების მაგივრად, დირექტორი დაინიშნოს ღია კონკურსის საფუძველზე, რომელსაც შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია შეარჩევს.
  • კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის წესში გათვალისწინებული იყოს პროფესიული კომპეტენცია, როგორც სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა;

 იხილეთ განცხადების სრული ვერსია

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ არაერთ დაწესებულებაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რის შედეგადაც სამსახურიდან გათავისუფლდა ათეულობით ადამიანი. რეორგანიზაცია დარღვევებით მიმდინარეობდა და დასაქმებულებს შესაბამისი კომპეტენციის არმქონე პირები აფასებდნენ, რის გამოც არაერთ საქმეში სასამართლომ დასაქმებულის გათავისუფლება უკანონოდ ცნო.

ამჯერად მინისტრის ყურადღების საგანი გახდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, რომლის დებულებაშიც ცვლილება შეიტანა, მეორე დღეს კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ბრძანება გამოსცა.

რეორგანიზაციის განხილვამდე მნიშვნელოვანია, ქრონოლოგიურად განვიხილოთ ეროვნულ კინოცენტრში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები.

გასული წლის მარტში, მინისტრმა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე, გაათავისუფლა გაგა ჩხეიძე. სამინისტროს ოფიციალური პასუხის მიუხედევად, გაგა ჩხეიძის გათავისუფლება საეჭვოდ დაემთხვა პოლიტიკურ საკითხებზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ამის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისის თვემდე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა მინისტრის მოადგილე კარლო (კახა) სიხარულიძე, რომელსაც კინოინდუსტრიაში საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონია.

„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, „ეროვნული კინოცენტრი არის ამ კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს“, ხოლო, ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული კინოცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებით.“ აღნიშნული დებულებების მიზანია, უზრუნველყოს ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობა და მისი საქმიანობის ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით განხორციელება, თუმცა მინისტრის მოადგილის დირექტორის თანამდებობაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ამ დაწესებულების დამოუკიდებლობას და, ფაქტობრივად, გამორიცხავს კიდევაც მას, რადგან მინისტრის მოადგილის ყოველი ქმედება სამინისტროს ინტერესებით იქნება ნაკარნახევი.

ამასთან, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანიშვნის წესი და პირობები.“ ეროვნული კინოცენტრის გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ადამიანი მართავდეს, რომელიც დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნები განსაზღვრული არ ყოფილა, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ აღნიშნული ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობის შეზღუდვასა და მინისტრის მიერ კინოცენტრის საქმიანობაში პირდაპირ ჩარევას ემსახურება.

აღნიშნულის შედეგად კინოცენტრის ბოლოდროინდელმა საქმიანობამ სპეციალისტების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, რომლის მაგალითიცაა ეროვნული კინოცენტრის მიერ, ფილმების გასახმოვანებლად, კერძო კინოთეატრების ქსელის 400 000 ლარით დაფინანსება მაშინ, როცა 2022 წელს კინოწარმოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით შემცირებული იყო და  სამი მინისერიალის წარმოების ჯამში მიახლოებით 3 000 000 ლარის ოდენობით დაფინანსება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, კონკურსი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა, რა დროსაც უცნობი იყო საექსპერტო კომისიის წევრების ვინაობა და მათი კვალიფიკაცია.

მიმდინარე თვეში ეროვნულმა კინოცენტრმა კვლავ გამოიჩინა თავი და სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლითაც  საეჭვოდ მიიჩნია გაგა ჩხეიძის წვლილი კულტურის სფეროში, გოეთეს ინსტიტუტი კი “ფარისევლურ, ცრუ და ყოვლად მიუღებელ ბრალდებებში” დაადანაშაულა. ამ განცხადებას  კინოცენტრის რამდენიმე თანამშრომელი საჯაროდ გაემიჯნა.

სწორედ აღნიშნული მოვლენებიდან ერთ კვირაში მინისტრმა ცვლილებები შეიტანა კინოცენტრის დებულებაში. ერთი-ერთი ცვლილების თანახმად, 2023 წლის 12 ივნისიდან გაუქმდა ის ნორმა, რომელიც დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობებს, მათი დანიშვნისა და გათავისუფლების წესს ითვალისწინებდა.

ამ ცვლილებიდან მეორე დღეს ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაციას იწყებს სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის გამოცდილების მქონე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია, რომელიც ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა და რომელსაც, ასევე, არ გააჩნია გამოცდილება და კვალიფიკაცია კინემატოგრაფიის მიმართულებით. ეს გარემოებები თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებს რეორგანიზაციის კანონიერებას.

რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ბრძანებაში არ არის დასაბუთებული, რა ეკონომიკური ან ტექნოლოგიური გარემოებები წარმოიშვა კინოცენტრის საქმიანობაში, რაც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სავალდებულო წინაპირობაა იმისათვის, რათა რეორგანიზაცია კანონიერად იყოს მიჩნეული. სასამართლო პრაქტიკაში არაერთხელ განმარტებულა, რომ რეორგანიზაცია, რომლის შედეგი იყო დასაქმებულთა გათავისუფლება, მაგრამ გათავისუფლება, თავის მხრივ, არ იყო განპირობებული ეკონომიკური ან ტექნოლოგიური ცვლილებებით, არის თვითმიზნური და ატარებს დამსაქმებლის მიერ რეორგანიზაციის საფუძვლის ფიქტიურ მიზეზად გამოყენების ნიშნებს.

შრომის კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით,  დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

არაერთი დისკრიმინაციის ფაქტი შემოსილა დამსაქმებლის მიერ რეორგანიზაციის საბურველით, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთი განმარტება გაუკეთებია, რომლის მიხედვითაც, რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება. რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერი, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელი დგას კონკრეტული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ. №ას-224-224-2018, 18.05.2018წ.მ №ას-280-2020, 5.03.2021). შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის – რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ №ას-1316-2022, 23.12.2022 წ.).

განვითარებული მოვლენები მიუთითებს დასაბუთებულ ვარაუდზე, რომ რეორგანიზაცია არ არის განპირობებული ობიექტური საჭიროებებით და ის გამოიყენება განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვის ნიშნით კულტურის მინისტრისთვის არასასურველი კადრების სამსახურიდან გასათავისუფლებლად.

ყოველივე ამის ფონზე, ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე ინიშნება ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი და პროპაგანდისტული მედიის ერთ-ერთი მთავარი სახე ბაჩო ოდიშარია, რომელმაც განაცხადა, რომ აქტიურად ჩაერთვება რეორგანიზაციის პროცესში. აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს ეროვნულ კინოცენტრში ხელისუფლების ინტერესების გატარებისა და მის საქმიანობაზე პირდაპირი კონტროლის დამყარების მცდელობაზე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, დასაქმებულთა თუ სფეროს წარმომადგენელთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ ხვდება მათ.

საგულისხმოა, რომ დამსაქმებელს დასაქმებულებისთვის არ გაუცვნია რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ ბრძანების საფუძველზე შემუშავებული თანამშრომელთა შეფასების ფორმა, ასევე, უცნობია რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის წევრთა ვინაობა, კვალიფიკაცია და მათი დანიშვნის წესი.

„გილდია“ წარმოადგენს საშემსრულებლო სფეროში დასაქმებულთა შრომით ინტერესებს და აჟღერებს მათ ხმას, მიმართავს კულტურის მინისტრსა და ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელს:

  • დაუყოვნებლივ შეწყდეს კინოცენტრში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი და დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული ქმედებები;
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესი, მინისტრის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების მაგივრად, დირექტორი დაინიშნოს ღია კონკურსის საფუძველზე, რომელსაც შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია შეარჩევს.
  • კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის წესში გათვალისწინებული იყოს პროფესიული კომპეტენცია, როგორც სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა;