„გილდია“: ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვის სულისკვეთებას

პუბლიკა

დამოუკიდებელი პროფკავშირი კულტურისა და მედიის სფეროში „გილდია“ უერთდება საყოველთაო გაფიცვის სულისკვეთებას, აანონსებს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას და მშრომელებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

„გილდია“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღკვეთონ  ძალადობრივი ჯგუფების პროვოკაციები და ადამიანების მიმართ ანგარიშსწორება.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორ მიშა ჩარკვიანს სახლთან დახვდნენ ძალადობრივი ჯგუფები, მუქარები გრძელდება მსახიობებსა და სახელოვნებო პროფკავშირების წევრებზე ისევე, როგორც საპროტესტო აქციებში მონაწილე დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ჯგუფების პროვოკაციები და ადამიანების მიმართ ანგარიშსწორება, შეაჩერეთ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ხელშეწყობის, უფრო მეტიც, მათი დავალების გარეშე ვერ გაბედავდნენ კრიტიკული საზოგადოების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობას.

მოძალადეები საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლის უფლებასა და საზოგადოებრივ მშვიდობას, ეს მხოლოდ მტრის (რუსეთის) ინტერესშია, პატივი ეცით გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებს!

ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვის სულისკვეთებას, ვაანონსებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას და სოლიდარობისკენ მოგიწოდებთ მშრომელებს!

სოლიდარობა, მშვიდობა და თავისუფლება საქართველოს – არა რუსულ კანონს!“, – ნათქვამია განცხადებაში.