„გილიადი“: არ მიგვაჩნია, რომ წამლების ვადის გასვლამ რაიმე გავლენა იქონია C ჰეპატიტის პროგრამაზე

პუბლიკა

ამერიკული კომპანია „გილიადი“ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თარგმანს ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

„საქართველო, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია „გილიადი“ ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას  მხარს უჭერს დაწყებიდანვე,  2015 წლიდან. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფარმაცევტული კომპანია, საქართველოსთვის გადმოცემული მედიკამენტების ვადის ამოწურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება.  როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში იშვიათი არ არის, რადგან ხდება საჭიროზე მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფა.

„ჩვენ ვიცით, რომ „გილიადის“ მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 %-ს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება ვიდრე  საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რაიმე გავლენა იქონია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე“, –- აღნიშნულია განცხადებაში.

ამერიკული კომპანია იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.

„გილიადი აქტიურად აგრძელებს პროგრამის მხარდაჭერას საქართველში. ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ C ჰეპატიტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლესი თაობის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება”.

ფარმაცევტული კომპანია „გილიადი”, საქართველოს ც ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატებით 2015 წლიდან უსასყიდლოდ ამარაგებს.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში,  2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,  560 645 083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი აღირიცხა.