„გილოცავთ, გვიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ! მოდით, სწრაფად ვიმუშაოთ, ყველამ ერთად, გადადგით საჭირო ნაბიჯები და გაატარეთ საჭირო რეფორმები”, – ასე უპასუხა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას თუ რა იქნებოდა გზავნილი და რჩევა ექნებოდა ქართველი ხალხისთვის.
„გუშინ ღამე, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მივიღეთ, ძალიან მალე სატელეფონო საუბრები გავმართე პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ სანდუსთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან.
პირადად ჩემთვის ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მომენტად დარჩება… გადავდგით ეს ნაბიჯი, პერსპექტივას ვხსნით, რაც ფუნდამენტური რამეა, ვინაიდან, ეს ევროკავშირის სახეს მომავალ წლებში, მომავალ ათწლეულებში შეცვლის, მაგრამ ეს ასევე, ამ ქვეყნებსაც შეცვლის“,- განაცხადა მიშელმა.
გუშინ, 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრებაზე.
ევროკავშირი ასევე გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც ის დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს.
„ეს არის მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტის მიმართ რწმენის შესახებ მკაფიო სიგნალი”. – დაწერა შარლ მიშელმა.