გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო - წულუკიანი

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს დიდმა პალატამ  რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.

გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი გამოახმაურა.

„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!
საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას.

ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე, “- წერს ის.