გინტურის მკვლელობა კიდევ ერთი ძალადობის აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ - დარჩიაშვილი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკვე 15 წელზე მეტია, რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის მსხვერპლია. მავთულხლართებით იზოლირებულ მოსახლეობას აშორებენ ნათესავებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ღვთისმსახურებას, ართმევენ გადაადგილების თავისუფლებას, ძირითად საჭიროებებს. დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა უკანონო დაკავებები და გატაცებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის ბოლო მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან კიდევ ერთი ძალადობის აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ დაარღვია საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რასაც მოჰყვა უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს და უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომი.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.