გიორგი ახობაძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა! – ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე ავრცელებს.
გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებოდნენ. ის ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა და ჩაუდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ის უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. პროკურატურამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ზემდგომმა ინსტანციამ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
რა წერია რომეო ტყეშელაშვილის განაჩენში?
„სასამართლო თვლის, რომ ობიექტურად შესაძლებელი იყო ვიდეოგადაღება, რაც არ განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში პირდაპირი და ნეიტრალური მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი”, – წერია გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა.
საქმის სამართლებრივ შეფასებაში მოსამართლე აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
მოსამართლე აღნიშნავს იმასაც, რომ სასამართლო არ იზიარებს ვერსიას, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი „ჩაუდეს“.
განაჩენში სასამართლომ შეაფასა, რამდენად იყო შესაძლებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პოლიციელთა ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო, ვინაიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება არ მოითხოვდა იმგვარი გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას ჩხრეკამდე მომზადებულიყო, აღჭურვილიყო შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველეყო.