თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე მის საბოლოო სიტყვას მოუსმინეს.
სიტყვის დასაწყისში ახობაძემ თქვა, რომ ეს საქმე მის მიმართ რევანშია, რომელშიც ჩართულები არიან პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები.
მოსამართლის ხსენების დროს ახობაძეს საუბარი შეაწყვეტინა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა და მოუწოდა, რომ სასამართლოს მიმართ მსგავს კონტექსტში აღარ ისაუბროს.
„აუცილებლად უნდა ვისაუბრო მოტივზე, რის გამოც ციხეში ჩამსვეს და რის გამოც აქ ვართ შეკრებილები.
თუ ერთი წინადადებით აღვწერთ, ეს საქმე, რომელზეც მე ჩემი საბოლოო სიტყვა უნდა ვთქვა, რუსული რეჟიმის მსახური, მხდალი, შეშინებული ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ზუსტად ამას მიფიქსირებდნენ დაკავების მთელი პროცესის მანძილზე.
ეს რომ რევანშია და შურისძიება, მათივე ნათქვამია, მრავალჯერ აქვთ პირად საუბრებში ნათქვამი სხვადასხვა დროს, როცა შევხვდით გამოძიების ეტაპზე.
სხვა ვერაფრით რომ ვერ მომერივნენ, ვერც დაშინებით, ვერც ვანდალიზმით და დისკრედიტაციის აქტების საშუალებით, ჩემს მანქანაზე, სახლის ფასადზე, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ოფისის ფასადზე, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვანაირი წარწერებით, პლაკატებით და ა.შ. მათ შორის, ერთ-ერთ პლაკატში იყო ზუსტად ახლა რა საქმეზე ვართ შეკრებილი, ეს ცილისწამება მოყვანილი.
და მოიფიქრეს სტანდარტული და ბანალური ჩადების საქმე, რომელშიც განსაკუთრებულად დახელოვნებულები არიან. ეს შსს-ს სავიზიტო ბარათია დამოუკიდებელი საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე.
ამ შესაძლო რევანშის შესახებ ორი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ერთი ზუსტად დაჭერის წინა დღეს. ორივე ვიდეო საჯაროა და ხელმისაწვდომია ჩემს სოციალურ ქსელებში.
რევანშში ჩართულები არიან პოლიციელები, პროკურორი და მოსამართლეები. მათ საგმირო საქმეებზე დეტალურად ვისაუბრებ ჩემს სიტყვაში…“, – თქვა ახობაძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა:
„ერთი წამით, მოსამართლეებთან დაკავშირებით ცოტა მოზომილად ბრძანეთ… სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით საერთოდ მსგავსი კონტექსტი, თქვენი შეხედულება ამოიღეთ. ახლა განაგრძეთ. არავის რევანშს სასამართლო ხელისუფლება არ ასრულებს. თუ გნებავთ ბრძანეთ თქვენი საბოლოო სიტყვა, ისაუბრეთ ისე, რომ მსგავსი ისინი ამოიღეთ“, – მიმართა მას რომეო ტყეშელაშვილმა.
გიორგი ახობაძემ სიტყვა განაგრძო:
„სისტემის მონა-მსახურებს ჩვენი ეშინიათ, მიუხედავად იმისა, რა პოსტს იკავებენ ბორინკა რადნოის კარზე. გარედან ეს არ ჩანს, გარედან, თითქოს, ბრუტალურები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი შიშის გამოხატულებაა. მე ესენი შიგნიდან ვნახე გაშიშვლებულები და თუ ჩემს სიტყვას ენდობით, როცა მიჭერდნენ, ყველაზე სასიამოვნო იმის ცქერა იყო, როცა ვხედავდი, ჩვენ მიერ დამარცხებულები როგორი ღირსებააყრილები იყვნენ. ასე იცის მტრის მსახურებამ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წასვლამ… მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ საკუთარი თავები დაასრულეს. გულწრფელად მებრალებიან.
ძნელია, თან ცოცხალი იყო და თან აცნობიერებდე, რომ მორალური გვამი ხარ. ამ პროცესებზე მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვასამართლებენ, სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი თავებისთვის გამოაქვთ განაჩენი…
ჩვენი წინაპრებისგან განსხვავებით, ჩვენ ცოცხლები დავრჩებით. წულუკიანები ჩვენ დახვრეტას ვერ მოგვისჯიან. თითოეულ ჩამქვრალ ოცნებაზე პასუხს მოვთხოვთ. გარუსებულ ქართველებს ეს ქვეყანა არ დარჩებათ.
მინდა, ბრძოლისკენ მოგიწოდოთ და ჩემი ეს მოწოდება მზია ამაღლობელის სიტყვებით დავასრულო: იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. ეს ის სიტყვებია, რომლებიც სულ ყურში მესმის და ის შინაარსია, რომელზეც წლებია, ვსაუბრობ.
მტერი და საფრთხე კარგად შეფუთულია, ჰიბრიდულია და ზოგისთვის ძნელად აღსაქმელი. ზუსტად ამიტომ არის მზიას ეს ფრაზა განსაკუთრებული. თუ ჩვენ დავაგვიანეთ, შედეგი იქნება დრამატული და რთულად გამოსასწორებელი, ამიტომ კიდევ ერთხელ – იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ, სანამ გვიანი არ არის. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ…
ციხით გვაშინებენ, მაგრამ ციხე არ არის საშიში. ჩემი ბრძოლა 20 კვადრატულ საკანში ვერ ეტევა და ეგაა ჩემი დისკომფორტი. ამათ ჰგონიათ, თავისუფლება შემიზღუდეს, არადა მხოლოდ ბრძოლის ველი დამიპატარავეს. თავისუფლებას ვერც ვერავინ შემიზღუდავს და ვერც ვერავინ წამართმევს“, – თქვა გიორგი ახობაძემ.
საბოლოო სიტყვის თქმისას, რომეო ტყეშელაშვილმა არაერთხელ გააწყვეტინა სიტყვა ახობაძეს მოსამართლეებთან დაკავშირებული შეფასების გამო. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო – „მკვლელი ლელა მარიდაშვილი“. ამ მოსამართლემ ახობაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილა და ის პატიმრობაში გაუშვა. ახობაძის თქმით, მარიდაშვილმა არ გაითვალისწინა ის, რომ ავადმყოფ დედას უვლიდა.
„შეურაცხყოფების მოსმენას აქ არავინ არ აპირებს“ – აღნიშნა ტყეშელაშვილმა ერთ-ერთი ასეთი გაფრთხილებისას: „საბოლოოდ გაფრთხილებთ, სასამართლოზე, რომელიმე მოსამართლეზე კიდევ იტყვით, განვაგრძნობთ სხდომას თქვენ გარეშე“, – აღნიშნა მან.
ამის შემდეგ მან ვრცლად ისაუბრა საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელსაც „პუბლიკა” დამატებით გააშუქებს.
ახობაძის საბოლოო სიტყვის დასრულების შემდეგ პროცესი გადაიდო. განაჩენი ორშაბათს, 28 ივლისს, 10:00-ზე გამოცხადდება. საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განიხილავს.
გიორგი ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.