გიორგი არობელიძე აცხადებს, რომ ბათუმის პოლიციაში ცემეს - ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

„მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი არობელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში ის და მისი მეგობარი პოლიციელებმა ცემეს.

არობელიძე წერს, რომ  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2021 წლის 19 დეკემბერს დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

როგორც არობელიძე აღწერს, გუშინ წინ, 18 დეკემბერს, ბათუმში მეგობრებთან ერთად ერთ-ერთი ბარის მოპირდაპირე მხარეს იდგა, როცა ჩხუბი ატყდა, ნასვამ მამაკაცს ბარში მყოფები ეჩხუბებოდნენ. ადგილზე მივიდა პოლიცია და ნასვამი მამაკაცის წაყვანა სცადეს. არობელიძე წერს, რომ ის მთვრალ კაცს გამოესაჩლა, შეხლა-შემოხლაში კი ისიც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

„პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი, გალახული ადამიანისთვის თავი. წვნიანი დაალევინეთ თუ მაინცდამაინც თქო – ეს იყო ჩვენი ოფიციალური პოზიცია. ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში.

5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს, მეთქი ოეე რას აკეთებთ ხალხოო, 2012 წლის მონაპოვარს რას უშვებით :დ ეს ვაბშე ვინააო ამდენს რო ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ. მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი  მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ…

ეს კაცი მერე კაპეზეს ეზოში შემხვდა, დასისხლიანებული სახით. გადმოყვანის დროს მანქანაში კიდე მცემესო. ბევრად უფრო საზარელი სურათი იყო სინამდვილეში, ვიდრე აქაა აღწერილი. გულწრფელად, რაც ვნახე და რაც გადამხდა, ეს დღეს თუ შეიძლებოდა მომხდარიყო, არ მეგონა. მეექვსე განყოფილებაში, ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ალბათ სხვაგანაც. კაპეზედან სასამართლოში რო მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხო იცი სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანემამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ ჯიგრები“,- წერს არობელიძე.