გიორგი ბაჩიაშვილის პროცესზე ლატვიელი ბიზნესმენი გამოკითხეს

პუბლიკა

გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ლატვიელი ბიზნესმენი მარატ კიჩიკოვსკი, რომელიც წარსულში იყო გიორგი ბაჩიაშვილის ბიზნესპარტნიორი.

მოწმე დაცვის მხარემ გამოიძახა.

მარატ კიჩიკოვსკიმ პროცესზე თქვა, რომ ბაჩიაშვილს 500 ათასი აშშ დოლარი ასესხა.

მისი ჩვენების თანახმად, გიორგი ბაჩაშვილი გეგმავდა, რომ ბიტკოინის მაინინგისთვის საინვესტიციო თანხა – 5 მილიონი აშშ დოლარიც მისგან ესესხებინა, თუმცა, „ქართუ ბანკმა“ მას უკეთესი პირობები შესთავაზა, ამიტომ სესხი სწორედ ბიძინა ივანიშვილის ბანკისგან აიღო.

„2013 წლიდან ვიცნობ გიორგი ბაჩიაშვილს. პირადად არასდროს შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს. მე და გიორგიმ ერთად ჩავდეთ ინვესტიციები სხვადასხვა ბიზნესში. მას მივეცი სესხიც – 500 ათასი დოლარი მაინინის აღჭურვილობის დასაქირავებლად. მასზე ეს თანხა პროცენტით გავეცი. 2017 წელს 1 მილიონი დოლარი დამიბრუნდა. ვიცოდი, რომ 5 თუ 6 მილიონი სჭირდებოდა.

მე მზად ვიყავი, ეს თანხა სრულად გამეცა, თუმცა, ჩემგან მხოლოდ 500 ათასი დოლარი აიღო სესხად, დანარჩენი თანხა კი ბანკისგან აიღო. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბანკისგან მას უკეთესი პირობები ჰქონდა, რადგან ჩემგან აღებული სესხი უფრო ძვირადღირებული იყო. თუკი, პირობითად, მე 6 მილიონ დოლარს გავცემდი სესხად, ამის უზრუნველსაყოფად მომეთხოვა მაინინგის მოწყობილობა ან ბიტკოინები, რასაც გამოიმუშავებდა. გიორგიმ მითხრა, რომ სასურველი თანხის ნაწილი სესხად გამოჰქონდა ბანკიდან. ამ ბანკის სახელი „ქართუ” მოგვიანებით პრესიდან გავიგე“, – თქვა კიჩიკოვსკიმ.

მისივე თქმით, მისი ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს მაინინგის ბიზნესში პარტნიორი არ ჰყავდა.

ბაჩიაშვილმა და მისმა ადვოკატებმა სასამართლოს ასევე წარუდგინეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გერმანელმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ჩაატარეს და რომელიც ბაჩიაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერს ეხება. დასკვნის განხილვა დიდი ალბათობით შემდეგ სხდომაზე მოხდება, რომელიც 24 თებერვალს არის დანიშნული.

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით,  ჩანაწერი არის 10-წუთიანი და ეხება სასესხო ურთიერთობას – კერძოდ, როგორც ბაჩიაშვილმა თქვა, მასში ბიძინა ივანიშვილს სთხოვს, დაეხმაროს „ქართუ ბანკში” სესხის მიღებაში.

წინა სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც 12 თებერვალს ჩატარდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავაც გამოიკითხა, ბაჩიაშვილმა თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მისი და ივანიშვილის ხმები ვერ განასხვავა.

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ ამოიცნო მისი და ბიძინა ივანიშვილის ხმები.


„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის განცხადებით, მითვისების მომენტში – 2017 წელს, 40 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

პროკურატურის ბრალდების თანახმად, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.

კერძოდ, გამოძიება ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გიორგი ბაჩიაშვილის ინვესტორი და ამ ინვესტიციის – 5 მილიონი ლარის საფუძველზე შეძლო ბრალდებულმა ბიტკოინის მაინინგ-ფერმის შექმნა, თუმცა შემდეგ ბაჩიაშვილმა ივანიშვილს მოგება დაუმალა.

თავად გიორგი ბაჩიაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ინვესტორი იყო და ამბობს, რომ ეს თანხა მან „ქართუ ბანკიდან” სესხად აიღო. მისივე თქმით, „ქართუს” დაუბრუნა და გადაუხადა სესხის თანხა პროცენტთან და მოგების 30%-თან ერთად.

ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ „ქართუსთან” საქმე დაიხურა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი პრეტენზიებით რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა.

ბაჩიაშვილისვე თქმით, მისი ქმედებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და „ისჯება, რადგან არ გაიზიარა ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი“.

გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული – გირაოს სახით მან 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.