შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით, 2 პირი: 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.ა. და 2001 წელს დაბადებული რ.ჭ დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს – 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
მოქალაქე გიორგი ბალხამიშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან სახლში დაბრუნებისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„აქციიდან გამოსვლის შემდეგ სამი ადამიანი ამეკიდა და ფიზიკურად გამისწორდა. ერთ-ერთი იყო ერეკლე აბზიანიძე, რომელიც გამოირჩევა „ქართული ოცნებისადმი“ სიმპათიებით. შეურაცხყოფას მაყენებდნენ, ფეისბუქზე რომ აქტიურობ, ეს გამაღიზიანებელია, ჩვენ არ მოგვწონსო. ამის გამო მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება”, — უთხრა გიორგი ბალხამიშვილმა ჟურნალისტებს.