„ფორმულა“ ავრცელებს კადრებს, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავთ პოლიციელებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან, სავარაუდოდ, შეუძლოდ მყოფი გიორგი ბარამიძე.
პარტიის პრესსამსახურში „პუბლიკასთან“ აცხადებენ, რომ გიორგი ბარამიძე შეუძლოდ, სავარაუდოდ, შეხლა-შემოხლის დროს გახდა. მათივე თქმით, არ იციან ბარამიძის ადგილსამყოფელი და ამ დრომდე ეძებენ.
„პუბლიკასთან“ შსს-ში აცხადებენ, რომ 21 დაკავებულიდან ერთ-ერთი გიორგი ბარამიძეა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.