„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას აღარ აპირებს გიორგი ჩალაძე,- ამის შესახებ მან მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ვხსნი ჩემს კანდიდატურას, მე აღარ დავაყენებ არჩევნებში ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის“,-განაცხადა ჩალაძემ.
11 ნოემბერს ჩალაძემ განაცხადა, რომ აპირებდა დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.
მისი თქმით, მთავარი საკითხია მიხელ სააკაშვილის გათავისუფლება, ამიტომ საჭიროა ეფექტური მოქმედება
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
მან განაცხადა, რომ თანაგუნდელებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ თავმჯდომარის პოსტზე მისი მიზანი იქნება პარტიის გაძლიერება, „რუსი ოლიგარქის დამარცხება და საქართველოს გათავისუფლება“, ასევე მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა. მან ამისთვის პარტიასთან შტაბის შექმნაც დააინიციირა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სამართლებრივ საკითხებზე კოორდინირებულად იმუშაონ. ხაბეიშვილმა შტაბის ხელმძღვანელობა გიორგი ჩალაძეს შესთავაზა.