გიორგი ჩიკვაიძე: არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას, გადავდივარ სრულ შიმშილობაზე

პუბლიკა

ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო. მის წერილს მისი ძმა, დიმიტრი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე. ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის. პასუხისმგებლობა მომხდარზე დაეკისრება რუსულ რეჟიმს, რუსეთის აგენტ ბიძინა ივანიშვილს და კორუმპირებულ გიორგი გაბიტაშვილს. ასევე მინდა მივმართო ჩვენი ოჯახის ახლობლებს და ნაცნობებს, ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე. მეგობრებო, არ გაჩერდეთ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”.

გუშინ, 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეცვალა.

ამასთან, მან ძალაში დატოვა მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო.

პროკურატურა ორივე მათგანის პატიმრობას ითხოვდა.

ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. 

პროკურატურა აცხადებს, რომ ჩიკვაიძის და პაპიაშვილის ქმედებებმა 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.