ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ ხვალ, 11 მარტს დაინიშნა მისი და მისი ბიზნესპარტნიორის სასამართლო პროცესი, სადაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.
„ჯერ დაკითხულიც არ ვარ, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ხვალ, 11 საათზე დაინიშნა ჩვენი უეცარი პროცესი და დაინიშნა 1 მიზეზით, რომ პროკურატურა აყენებს შუამდგომლობას, აღკვეთის ღონისძიება – გირაო შეგვიცვალოს პატიმრობით.
ამას დააკმაყოფილებს მოსამართლე იზა კელენჯერიძე.
ჩვენც რაღაცნაირად მზად ვართ ამ დაკავებისთვის. არანაირ წიანაღმდეგობას არ გავუწევთ. ჩვენც არც მანამდე ვაპირებდით სადმე წასვლას. ხვალ დაგვაკავებენ. თუმცა, ეს ბრძოლა გრძელდება”. – თქვა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველთან”.
მისი თქმით, ეს არის პასუხი მის მიერ „სისტემის მხილებაზე” — გიორგი ჩიკვაიძემ ბოლო 3 დღის განმავლობაში გადაიღო არაერთი მანქანა და პირი, რომლებიც, მისი თქმით, მას დასდევენ და უთვალთვალებენ.
გიორგი ჩიკვაიძე არის „აზიმუტ იახტები საქართველოს“, „რამზეს იახტსის“ და „რამზეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის“ დამფუძნებელი და დაკავებულია იახტების შემოყვანითა და გაყიდვით.
წარსულში ჩიკვაიძე “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო და ამას მათ შორის, ტელეეთერებშიც გამოხატავდა.
პროკურატურის თანახმად, გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო – თითოეულს 50 000 ლარის ოდენობით და საზღვრის კვეთის აკრძალვა.
ბიზნესმენმა ზეწოლაზე ლაპარაკი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო, როცა 12 სექტემბერს, „ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ ზეწოლის შესახებ ისაუბრა.
კერძოდ, გიორგი ჩიკვაიძის თქმით, „2022 წელს მათ მისცეს ანტისახელმწიფოებრივი დავალება, რაზეც უარი თქვეს”. ბიზნესმენს არ უთქვამს, ვისგან მოდიოდა დავალება ან რას გულისხმობდა ის, მაგრამ სწორედ ამ დავალებაზე უარს მოჰყვა ზეწოლა. ჩიკვაიძემ თქვა, რომ ზეწოლაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალექსანდრე ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე.
გიორგი ჩიკვაიძემ 2024 წლის სექტემბერში „ტვ პირველთან” თქვა, რომ ელგუჯა თურმანიძემ „ყველაფერი გააკეთა, რომ მისი და ირაკლი პაპიაშვილის მეგობარი გამხდარიყო”. როგორც ჩიკვაიძემ თქვა, მისმა კომპანიამ გააფორმა შესყიდვის ხელშეკრულება თურმანიძის კომპანიასთან და გარკვეული პერიოდი „ყველაფერი გრძელდებოდა ჩვეულებრივად“.
თუმცა, შემდეგ, როგორც ბიზნესმენი ყვება, ელჯუგა თურმანიძემ მას ჯერ ნარკოტიკების მოხმარება შესთავაზა, შემდეგ კი „ფულის გათეთრება”, რის გამოც მან და მისმა პარტნიორმა თურმანიძის ნდობა დაკარგეს და კონტაქტიც გაწყვიტეს.
ჩიკვაიძის თქმით, მათ ელგუჯა თურმანიძეს უთხრეს, რომ თანხას დაუბრუნებდნენ.
„ორი კვირა ვთხოვდით, მოეცა საშუალება, რომ ეს ოპერაცია დასრულებულიყო და თანხა დაბრუნებულიყო. მაგრამ მან მოინდომა შემდეგი: თანხას დამიბრუნებთ ესპანეთში ქეშის [ნაღდი ფულის] სახით, ან ესტონეთში კონკრეტული კომპანიის ანგარიშზეო.
ამის შემდეგ მას არ ველოდებით, ვრიცხავთ [ქართულ] კომპანიაში თანხის პირველ ტრანშს. მეორე დილით გვირეკავს აჭარის საოლქო პროკურატურის ელიტური ნაწილი, რომ ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება და უნდა ჩავიდეთ ბათუმში”.
2024 წლის სექტემბერში „რადიო თავისუფლება” ესაუბრა ელგუჯა თურმანიძესაც, რომლის თანახმადაც:
- ელგუჯა თურმანიძე ფლობს სამშენებლო კომპანია ETS Building-ს, რომელიც ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მშენებარე კორპუსთან გეგმავდა იახტკლუბის, იახტებისათვის პლატფორმის მოწყობას.
- თურმანიძემ კი არ მიმართა ჩიკვაიძეს, არამედ თავად ჩიკვაიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა წარუდგინეს თავი, როგორც იახტების შემომყვანებმა საქართველოში, რის შემდეგაც გაფორმდა ხელშეკრულება იახტის ჩამოყვანაზე;
- მათ თურმანიძე წაიყვანეს იტალიაში, „აჩვენეს, ამა და ამ იახტას გიყიდით, ამა და ამ ფასად ჩამოგიყვანთო“.
- „შემდეგ თითქოსდა შეიძინეს, შემდეგ თქვეს, რომ პრობლემებია და იახტა საქართველომდე ვერ მოდისო. საბოლოოდ, იახტა ვერ ჩამოიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა კონტრაქტით გათვალისწინებული თარიღის გადავადება“.
„რადიო თავისუფლების” ცნობით, ადვოკატის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება იყო 415 000 ევრო, რაც გადაიხადეს, ჩიკვაიძემ და მისმა პარტნიორმა კი 2024 წლის იანვარში მხოლოდ ნაწილი, 50 000 ევრო დააბრუნეს.
„დარჩა დაახლოებით 365 ათასი ევრო, რაც დღემდე არ გადმოურიცხავთ”. – ამბობს ადვოკატი „რადიო თავისუფლებასთან”.
პროკურატურის ვერსიით:
„2022 წლის გაზაფხულზე გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ქ. ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ელთ ბილდინგის“ მშენებარე კომპლექს „მარინა ქლაბში“ თითქოსდა ფართების შეძენის მიზნით, ხოლო სამომავლოდ იახტკლუბის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებისა და ინვესტიციების მოზიდვის მოტივით, მოლაპარაკებები დაიწყეს „ელთ ბილდინგის“ კომერციულ დირექტორთან ვალერი გურგენაძესთან და კომპანიის დამფუძნებელთან ელგუჯა თურმანიძესთან.
მეტი დამაჯერებლობისთვის, ხსენებულმა პირებმა „ელთ ბილდინგთან“ გააფორმეს საცხოვრებელი აპარტამენტების შეძენის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და განახორციელეს მხოლოდ პირველი შენატანის გადახდა 500 – 500 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მალევე ნასყიდობის ხელშეკრულება თანხის გადაუხდელობის გამო გაუქმდა.
შპს „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელი პირების ნდობის მოპოვების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს განუცხადეს, რომ მათ კუთვნილ კომპანიას „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“ კავშირი ჰქონდა იახტების მწარმოებელ ცნობილ იტალიურ კომპანიასთან და შეეძლოთ იახტის ჩამოყვანა შპს „ელთ ბილდინგისთვის“. მას შემდეგ, რაც იახტა ჩამოვიდოდა ქ. ბათუმში და გაფორმდებოდა „ელთ ბილდინგის“ სახელზე, „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმი“ იახტას იჯარით, 3 წლით აიღებდა და ყოველწლიურად შპს „ელთ ბილდინგს“ იჯარის საფასურს გადაუხდიდა.
2022 წლის 10 სექტემბერს შპს „ელთ ბილდინგსა“ და „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ და იახტის მიწოდების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 აგვისტო. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.
ასევე მოგვიანებით, გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, მხარეები შეთანხმდნენ იახტის სხვა მოდელზე, ამასთან, გადაიწია მიწოდების ვადამაც, კერძოდ განისაზღვრა 2023 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდი და მიწოდების ადგილად შეირჩა ესპანეთი, ალიკანტე. ამის შემდგომ, ასევე გიორგი ჩიკვაიძის ინიციატივით, არაერთხელ შეიცვალა შეთანხმება მიწოდების ვადებთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე აღნიშნული ვადის გადაწევა ხდებოდა.
2022 წლის 15 სექტემბრიდან 2023 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, შპს „ელთ ბილდინგმა“ შპს „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის“ ანგარიშზე ჩარიცხა იახტის ღირებულების საფასური 1 155 019 ლარი, თუმცა გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.
გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. აქედან გამომდინარე, გიორგი ჩიკვაიძის კუთვნილი კომპანიის მიერ იახტის შეძენა არ მომხდარა.
საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი თანხას დაუბრუნებდნენ „ელთ ბილდინგს“ და 2023 წლის 21 დეკემბერს, ირაკლი პაპიაშვილმა „ელთ ბილდინგის“ ანგარიშზე მხოლოდ 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა”.