დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ 7 დღით შიმშილობას წყვეტს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა პენიტენციურ სამსახურს საბაბი არ ჰქონდეს, 17 აპრილს დაგეგმილ სხდომას არ დაასწრონ.
ჩიკვაიძე წინა პროცესზე ვერ გამოცხადდა, პენიტენციურის პოზიცია იყო, რომ მისი გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იყო შეუძლებელი. ჩიკვაიძე ამბობდა, რომ პროცესზე არ მიიყვანეს, რათა საზოგადოებას არ ენახა რა მდგომარეობაშია.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში ჩიკვაიძე ამბობს, რომ დაზიანებული მაქვს ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობასა და მხედველობაზე.
„დიდი მადლობა სინდისის პატიმრების დედებს თანადგომისთვის. ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მთხოვდა, რომ შიმშილობა შემეწყვიტა. ვითვალისწინებ ყველას თხოვნას და ზუსტად 7 დღით ვწყვეტ შიმშილობას, 30 დღიანი შიმშილობის შემდეგ. ამ ჟესტით პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც მოქმედებს პროკურატურასთან ალიანსში, მინდა ხელიდან გამოვაცალო საფუძველი, რომ 17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დამასწრონ. 17 აპრილი დიდი ხუთშაბათია. დიახ, ქალბატონო იზა კელენჯერიძე ნამდვილად 33 ვერცხლია თქვენი და იმ დაწესებულების ფასი, რომელსაც წარმოადგენთ და სასამართლოს ეძახით. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ვერც მაგ 33 ვერცხლს მიიღებთ რადგან, სავარაუდოდ, ინფორმირებული ხართ, რომ თქვენი გვარი ბრიტანული და ევროპული სანქციების ახალი ტალღის პირველ ათეულშია. ასევე, 17 აპრილს გამხელთ თქვენ და პროკურატურას ერთად, თუ როგორ მოქმედებთ შეთანხმებულად. შეგახსენებთ, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რაც თქვენმა უსამართლო გადაწყვეტილებამ დამმართა – მე დაზიანებული მაქვს თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობასა და მხედველობაზე, მაგრამ ძალიან კარგად მიმუშავებს მეტყველების და აზროვნების ნაწილი. ამ ჯერზე გაიძულებთ, რომ გაითვალისწინოთ ჩემ მიერ დაყენებული შუამდგომლობები, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენი ქმედებების შედეგად მტკიცებულებების განადგურებასთან, რაც შეჯიბრებითობის პრინციპს არღვევს, ასევე საზოგადოებას და თქვენც მოგიყვებით, თუ რას შეეწირა კორუმპირებული ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის უფროსი ბ-ნი რამიშვილი და რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ფინანსური პოლიციის კრიმინალურმა დაჯგუფებამ ე.წ. სპეცოპერაციის დროს. ეს ყველაფერი შემხებლობაშია ჩემს საქმესთან. როგორც ვიცი, თქვენ ლექციებს კითხულობთ, შესაბამისად, მინდა საზოგადოებამ და სტუდენტებმა იცოდნენ თქვენ მიერ ჩადენილი უსამართლობისა და ბოროტების შესახებ. გპირდებით, რომ თქვენი და ჩემი გადაკვეთის წერტილი იქნება პრეცედენტული“, – წერს გიორგი ჩიკვაიძე.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეცვალა. ამასთან, მან ძალაში დატოვა მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო. პროკურატურა ორივე მათგანის პატიმრობას მოითხოვდა. ჩიკვაიძესა და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. პროკურატურა აცხადებს, რომ ჩიკვაიძის და პაპიაშვილის ქმედებებმა 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.