გახარია ალიევს და ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

“მხარეებმა მიმოიხილეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. ორივე მხარემ აღნიშნა რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესების გააქტიურების მნიშვნელობა.” – ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.


მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ სამ ქვეყანას შორის შეთანხმება წუხელ მოხდა. შეთანხმების მიხედვით, მხარეები ჩერდებიან ამჟამინდელ პროცესზე, თუმცა სომხეთი გაიყვანს ჯარს აღდამის, კელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებიდან, დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს სტეფანაკერტთან დასაკავშირებლად, სანაცვლოდ კი აზერბაიჯანს გაუკეთებს უსაფრთხო დერეფანს ნახიჩევანისკენ.

შეთანხმების მიხედვით, რეგიონში 2000-მდე რუსი ჯარისკაცი სამშვიდობო ძალების სტატუსით შევა, ასევე გაეროს ეგიდით უნდა მოხდეს აზერბაიჯანენლი დევნილების დაბრუნება მთიან ყარაბაღში.