პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. როგორც პარტიაში „პუბლიკას“ ეუბნებიან, გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ ადვოკატი შეძლებს საქმის მასალების გაცნობას.
„გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობით განადგურებულია. პროკურატურამ, შერატონ ბათუმის ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი გაეცნობა საქმის მასალებს. იმედს ვიტოვებთ, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება – კამერების ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა!“, – აცხადებენ პარტიაში.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ.
პარტიის ცნობით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ, მათ შორის, დიმიტრი სამხარაძე. როგორც გახარია მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს, ეს იყო „წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით”, რომლის „ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი“.
თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.