გიორგი გახარია გადადგა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა,  – ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

„გუშინ ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლობლობას, არის მიუღებელი.

დღეს, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია, ქვეყნის განვითარებისა და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკს ქმნის, მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველანი, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონულ გამოწვევებს და რაც მთავარია, ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი, და არ იარსებებს არანაირი რისკი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა ან ორიენტაციისა, თითოეული ჩვენი მოქალაქის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის არანაირ საბაბს ესკალაციის.

ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან.

რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ქვეყნის მომავლის ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.