გიორგი გახარია გამოკითხვაზე იმყოფებოდა

პუბლიკა

„გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი უწყებაში მისვლის კადრები TV პირველმა გაავრცელა. გიორგი გახარიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გუშინ, 21 იანვარს პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმიდან ამ დრომდე „შერატონი ბათუმი“ უარს აცხადებს ვიდეოკადრების გადმოცემაზე. მათივე ცნობით, ჩანაწერები განჩინებით სრულად სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ, წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.

გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.