გიორგი კანდელაკი 200-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, კანდელაკს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება.
კანდელაკი 6 სხვა ადამიანთან ერთად ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით 17 სექტემბერს დააკავეს.
მაშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ შიდა ქართლში წლების განმავლობაში მოქმედებდა არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა. უწყების განცხადებით, ამ ქარხანაში კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამოიღეს 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.