გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პროკურატურამ ბრალი წაუყენა

პუბლიკა

მოძრაობა „ხმის“ წევრებს – გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ინფორმაცია „პუბლიკას“ ბრალდებულების ადვოკატმა გურო იმნაძემ დაუდასტურა. პროკურატურას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

ბრალდებულების ადვოკატის ცნობით, სასამართლოს პროკურატურა დღეს მიმართავს. ჯერჯერობით, უცნობია, მოითხოვს თუ არა უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს.


თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.

მოქალაქეებსა და აღსრულების პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც დასჭირდა. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად ჩაამტვრია აღსრულების პოლიციის მანქანის ფანჯრები.