გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ენმ-ის წევრ გიორგი კირთაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავა, – ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში დაუდასტურეს.

სამსახურს ამ საკითხზე 15 საათზე ბრიფინგიც აქვს ჩანიშნული.

„მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებული ბათუმში მცხოვრები იოსებ სირაბიძეა.


გუშინ, 19 დეკემბერს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ. მოქალაქემ გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, შემდეგ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.

„გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამი იყო განცხადებაში.