სპეციალური საგამოძიებო სამსახური გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტს იძიებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.
„საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.”
დღეს (19 დეკემბერს) პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ. მოქალაქემ გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, შემდეგ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა. გიორგი კირთაძე შემთხვევიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე დაიბარეს.