გიორგი კუჭუაშვილის ბრალი სააპელაციო სასამართლომ გადააკვალიფიცირა და 4 წლის ნაცვლად მას 2 წელი განუსაზღვრა, – გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოაცხადა.
მოსამართლემ კუჭუაშვილისთვის ბრალად წარდგენილი პოლიციელზე თავდასხმის მუხლი [სსკ-ის 353 პრიმა მუხლი] პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადააკვალიფიცირა [სსკ-ის 353-ე მუხლი] და სასჯელის ზომად და სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
კუჭუაშვილი 2024 წლის მაისში დააკავეს, მას 2025 წლის 4 თებერვალს 4 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა – პოლიციელზე თავდასხმის მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე.
გიორგი კუჭუაშვილისთვის „დანაშაულებრივი ქმედება“ გამოიხატა იმაში, რომ მან ნახევრადცარიელი ბოთლი ისროლა სპეცრაზმელის მიმართულებით, რომელიც თვალში მოხვდა იმ სპეცრაზმელს, რომელსაც ჩაფხუტზე მინის ნაწილი იმ მომენტში აწეული ჰქონდა.
„იმ ბოთლით იმაზე დიდ ზიანს ვერ მიიღებდა… ყველაზე უარესი შედეგი დადგა, რაც შეიძლება მომხდარიყო“, – აღნიშნა კუჭუაშვილმა პროცესზე.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სპეცრაზმელისთვის მიყენებული დაზიანება (მარცხელა ყვრიმალსა და გარდამავალ მარცხენა ქვედა ქუთუთოზე) მსუბუქი ხარისხის იყო და მას ჯანმრთელობის მოშლა არ გამოუწვევია.
დაცვის მხარე პირველი ინსტანციის განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმებოდა.
კუჭუაშვილის თქმით, მას არ ჰქონდა პოლიციელზე თავდასხმის განზრახვა, იგი მხოლოდ მოქმედებდა პოლიციელთა მოქმედების საწინააღმდეგოდ.
კუჭუაშვილის მხარე ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლზე – წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
„გიორგი კუჭუაშვილი, გამომდინარე იქედან, რომ პოლიციელთა მოქმედება მათ შორის ეხებოდა მასაც და მისი აზრით ეზღუდებოდა აზრის გამოხატვის თავისუფლება – იმოქმედა სპეცრაზმელთა საწინააღმდეგოდ და ისროლა ბოთლი, რათა ხელი შეეშალა მათთვის ე.წ. წესრიგის დამყარებაში“, – აღნიშნა ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.
კუჭუაშვილის მხარეს საჩივარში მოყვანილი ჰყავს საქალაქო სასამართლოში დაზარალებულ გიორგი არაბულის ჩვენებაც – არაბულის ჩვენებით, ერთ მომენტში, როდესაც გადაადგილდებოდა ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, ერთ-ერთ მომენტში, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ განსაკუთრებით აგრესიულები და მათი მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგანს, ვინაიდან იმ მომენტში ჩაფხუტის სახის დამცავი მინა აწეული ჰქონდა, მოულოდნელად მარცხენა თვალის არეში მოხვდა რაღაც უცხო საგანი.
„გიორგის მოქმედება იწყება მაშინ, როდესაც იწყება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდისთვის კონკრეტული მოქმედებები, რომელიც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ეხება მათ შორის გიორგი კუჭუაშვილსაც. მარტივად რომ ვთქვათ, რომ არა სპეცრაზმელთა კორდონის მოქმედება და წინ გადადგმული ნაბიჯები, გიორგის მოქმედება არ იარსებებდა, შესაბამისად ფაქტია, რომ მიზანი იყო პოლიციელთა ხელის შეშლა და მათზე წინააღმდეგობის გაწევა თუნდაც ამ მოქმედებით“, – აღნიშნავს ადვოკატი.
ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კუჭიაშვილის ქმედება წარმოადგენს პოლიციელზე თავდასხმას და არა წინააღმდეგობას.
„ვიდეოკადრებში პირდაპირ ჩანს, რომ გიორგი კუჭუაშვილის ქმედება არის უეცარი აგრესიული აქტი. ჩანს კარგად, რომ კუჭუაშვილი უახლოვდება პოლიციელს და დამიზნებით ესვრის ბოთლს სახის არეში… პოლიციელები ამ დროს დგანან ადგილზე და არ ახორხიელებენ არანაირ აქტიურ ქმედებას მათ შორის არც გიორგი კუჭუაშვილის მიმართ“, – განაცხადა პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ.
ადვოკატის თქმით კი, ვიდეოჩანაწერებით ნათლად დასტურდება არა ის ფაქტი, რომ სამართალდამცავები არ მოქმედებდნენ აქციის მონაწილეთა და მათ შორის გიორგი კუჭუაშვილის მიმართ, არამედ პირდაპირ მათი მოქმედებები ეხებოდა როგორც გიორგი კუჭუაშვილს, ასევე აქციის სხვა მონაწილეებს, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ გიორგი კუჭუაშვილის მიმართ არ ხორციელდებოდა ისეთი მოქმედებები, რისგან თავის დასაღწევადაც მას დასჭირდებოდა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა არა მარტო ფაქტის დამახინჯებაა, არამედ პირდაპირ ტყუილს წარმოადგენს.
რაც შეეხება დავით კოლდარს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მისი სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და მისთვის მისჯილი 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ძალაში დატოვა.