საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ხატია დეკანოიძე.
„ამასობაში, გენერალი გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა. ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმე ომის პირობებში“, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
ლორთქიფანიძე უკრაინაში ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობასაც იკავებდა. თანამდებობა მან 2016 წელს დატოვა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო.
გიორგი ლორთქიფანიძე ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე სხვა პირებთან ერთად.