გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ - EMC

პუბლიკა
content image

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და დეკანოზ გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადებას ითხოვს, მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე.

ორგანიზაციის ცნობით, დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით 2019 წლის 15 თებერვალს გაუარესდა. ის თავდაპირველად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას ითხოვდა. თუმცა, მამალაძე პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაახლოებით სამჯერ შეაფასეს კვალიფიციურმა ექსპერტებმა, ხოლო კიდევ ერთი დამატებითი ექსპერტიზა პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამივე ექსპერტიზის შემთხვევაში დადასტურებულია დეკანოზის დიაგნოზი (დისოციაციური მოტორული აშლილობა) და განსაზღვრულია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გააჩნია მსგავსი შემთხვევის მართვის შესაძლებლობა, “- ამბობენ EMC-ში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2019 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მათ შორის, პარალიზებულ კიდურებზე ციანოზური ელფერი და ატროფიის ნიშნები აღინიშნება და საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, ინვალიდიზაციის სერიოზული რისკი არსებობს.

EMC მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით და იმედოვნებს, რომ სასამართლო შეისწავლის და გაიაზრებს საქმის ფაქტობრივ და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებს და გიორგი მამალაძის მიმართ განაჩენის აღსრულებას ჯანმრთლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გადაავადებს.