გიორგი მამარდაშვილი ,,ქართუს” ჯილდოზე: მადლობელი ვართ მთელი ნაკრები

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ,,ქართუს” მიერ დაწესებულ ჯილდოსთან დაკავშირებით შეკითხვებს სამთავრობო ტელეარხი ,,იმედი” უსვამს.

,,იმედმა” გაავრცელა გიორგი მამარდაშვილის, ოთარ კაკაბაძის და ოთარ კიტეიშვილის კომენტარები.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ,,იმედთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჯილდოსთვის ,,მადლობელია მთელი ნაკრები”.

,,ძალიან მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე თითოეული ფეხბურთელი ამ ყველაფრით, ძალიან კარგი იქნება, თუ ბევრი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხებს იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობელი ვართ მთელი ნაკრები”, – თქვა გიორგი მამარდაშვილმა.

,,ქრონიკის” პირდაპირ ეთერში ჩართეს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე, რომელსაც წამყვანმა ჰკითხა – რას ნიშნავს მისთვის ეს ჯილდო, არის თუ არა სტიმული და მეტი მოტივაცია.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ეს ამდენი შრომა, წლების შრომა ფინანსურადაც დაგვიფასდა, ესე რომ ვთქვათ, და მადლობელი ვარ”, – თქვა ოთარ კაკაბაძემ.

ასევე, ტელეკომპანია იმედმა ამავე საკითხზე ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის კომენტარი გაავრცელა.

კიტეიშვილი ამბობს, რომ ეს ,,დასაფასებელი ფაქტია”.

,,ძალიან მაგარი ფაქტია, ფეხბურთელები ამით ძალიან მადლიერები ვართ. მაგავსი ინიციატივა არის ძალიან დასაფასებელი”, – თქვა ოთარ კიტეიშვილმა.

დღეს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა გურამ კაშიას სახელით განცხადება, რომელშიც ნაკრების კაპიტანი ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ქართუს დაწესებული ჯილდოსთვის მადლობას უხდის.