დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული თ.ქ., 1995 წელს დაბადებული ი.ა. და 1987 წელს დაბადებული დ.ბ..
უწყების მტკიცებით, მათ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებათ ბრალად და დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში, 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები ცხელ კვალზე დააკავეს“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
უწყების თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
გუშინ დილით ცნობილი გახდა, რომ თბილისის ერთ-ერთ კლუბში დიზაინერ გიორგი მასხულიას თავს დაესხნენ. როგორც მასხულია სოციალურ ქსელში წერდა, მას თავს სამი ადამიანი დაესხა.