გიორგი მჟავანაძემ და ნოდარ რუხაძემ სტრასბურგის სასამართლოში შეშის გამო დაკავების საქმე მოიგეს

პუბლიკა

გიორგი მჟავანაძემ და ნოდარ რუხაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე მოიგეს.

მჟავანაძე და რუხაძე მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები იყვნენ.

ისინი დაობდნენ, რომ საპროტესტო აქციის დროს მათი დაკავება და შემდგომში პოლიციის ბრძანების შეუსრულებლობისთვის დასჯა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების) მუხლებს ეწინააღმდეგებოდა.

რუხაძე და მჟავანაძე 2020 წლის ნოემბერში, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს – აქციის მონაწილეებს გასათბობად შეშა სჭირდებოდათ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. დაპირისპირება და დაკავება სწორედ ამას მოჰყვა.

მაშინ სასამართლომ მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ნოდარ რუხაძეს — 1500-ლარიანი ჯარიმა. მათთან ერთად დააკავეს ლექსო მაჭავარიანი, რომელსაც სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მჟავანაძის და ნოდარ რუხაძის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლები.

კერძოდ, სასამართლოს თანახმად, ნოდარ რუხაძემ ვერ მიიღო სამართლიანი სასამართლო – სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას დაეყრდნო, რომელიც არავითარ მტკიცებულებას არ ეყრდნობოდა. ეროვნულმა სასამართლოებმა თქვეს, რომ არ არსებობდა მტკიცებულება პოლიციელის ვერსიის წინააღმდეგ, ამიტომ, მას მოუწია იმის მტკიცება, რომ უდანაშაულოა, რაც უსამართლოა.

ECHR წერს, რომ გიორგი მჟავანაძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი განხილვის უფლება, ვინაიდან სასამართლო მხოლოდ ერთ ჩვენებას არ დაყრდნობია და განიხილა სხვა მტკიცებულებებიც.

რაც შეეხება მე-11 მუხლის დარღვევას – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, მომჩივნები საპროტესტო აქციის დროს დააკავეს და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში გაამტყუნეს. ის, რაც მათ გააკეთეს, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მათთვის პოლიციას შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლება ჩამოერთმიათ.

სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ პროტესტი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხს შეეხებოდა – საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და კორონავირუსის გამო დაწესებულ კომენდანტის საათს. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალადობრივად არ იქცეოდა – სასჯელი ზედმეტად მკაცრი იყო. ხელისუფლებამ არ წარმოადგინა საკმარისი საფუძვლიანი მიზეზები იმის საჩვენებლად, რომ პროტესტის შეჩერება ნამდვილად აუცილებელი და სამართლიანი იყო.

შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ:

  • სახელმწიფომ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში განმცხადებლებს უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხები. თანხა უნდა გადაიცვალოს სახელმწიფოს ვალუტაში გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის გამოყენებით:
  • 529 ევრო მეორე განმცხადებელს (ნოდარ რუხაძეს) ფინანსური ზარალისთვის, პლუს ნებისმიერი შესაბამისი გადასახადი;
  • 1200 ევრო პირველ განმცხადებელს (გიორგი მჟავანაძეს) ემოციური ტანჯვისთვის, პლუს ნებისმიერი შესაბამისი გადასახადი;
  • 1600 ევრო მეორე განმცხადებელს (ნოდარ რუხაძეს) ემოციური ტანჯვისთვის, პლუს ნებისმიერი შესაბამისი გადასახადი.

ნოდარ რუხაძესთან და გიორგი მჟავანაძესთან ერთად დაკავებულ ლექსო მაჭავარიანზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2025 წლის 20 მაისს გამოიტანა და დაადგინა, რომ მის მიმართ ნაწილობრივ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და ხელისუფლებას მისთვის 1800 ევროს გადახდა დაავალა.