გიორგი მინდაძის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას 3 ივლისს იტყვის

პუბლიკა

აქციების დროს დაკავებულ გიორგი მინდაძის საქმეზე პროკურორმა დასკვნითი სიტყვა თქვა, მომდევნო პროცესი 3 ივლისს ჩაინიშნა. შემდეგ პროცესზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება.

გიორგი მინდაძეს გდდ-ის თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებიან, რითაც მას, ბრალდების პოზიციით, ფეხზე დამწვრობა მიადგა.

პროკურორმა როინ ხინთიბიძემ დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარის მტკიცებულებები შეაჯამა:

„2024 წლის 29 ნოემბერს ღამის საათებში თბილისში 9 აპრილის ქუჩაზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი შმაგი ჯაჭვაძე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, ამ დროს გიორგი მინდაძემ მისი მიმართულებით ისროლა პიროტექნიკა და ამ  უკანასკნელს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება…

გოჩა ონიანმა მიიღო პატაკი, სადაც მითითებული იყო, რომ მან სოციალური ქსელის დათვალიერებისას ნახა, რომ პიროვნება, რომელსაც ნაწილობრივ ეკეთა პირბადე, ისროდა პიროტექნიკას პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით, ვინაიდან ეს წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, ამის შესახებ აცნობა საგამოძიებო ორგანოს…

ჩვენ გამოვიკვლიეთ სასამართლოში როგორც ფეისბუქიდან, ასევე ტელეკომპანია „იმედიდან” გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იყო დანაშაულებრივი ქმედება – ეს არის პიროტექნიკის სროლისა და მისი აფეთქების ვიდეო. სადაც ნათლად ჩანს, რომ პიროვნება, რომელიც ისვრის პიროტექნიკას, არის გიორგი მინდაძე.

აღნიშნულ ვიდეოზე ჩატარდა ორი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე შედეგი მივიღეთ – … რომ ვიდეოზე გამოსახული პიროვნება იყო გიორგი მინდაძე.

გარდა ამისა, ასევე გამოიკითხა დაზარალებული, შმაგი ჯაჭვაძემ მიუთითა, რომ… აღნიშნულმა პიროვნებამ, რომელიც შემდგომში ამოიცნო, მისი და მისი თანამშრომლების მიმართულებით ისროლა ფეიერვერკიდან. აღნიშნული დავარდა მის უკან, გაიხსნა და უკვე ეს გახსნილი ცეცხლი მოხვდა ფეხზე და რამაც მისი ფეხის დაზიანება გამოიწვია – ამ ყველაფრის შედეგად მიიღო დამწვრობა…

საქმეში წარმოდგენილი იყო ამოცნობის ოქმი, სადაც მან მიუთითა გიორგი მინდაძეზე, როგორც პიროვნებაზე, რომელმაც მას მიაყენა დამწვრობა პიროტექნიკის გამოყენებით.

მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც, რაც წარმოდგენილია საქმეში და მასში მითითებულია, რომ შმაგი ჯაჭვაძეს, რომელიც პირადად შეამოწმეს 2 დეკემბერს, მარჯვენა ბარძაყზე აღენიშნებოდა დაზიანებები დამწვრობის სახით.

…გიორგი მინდაძის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციაა ერთ-ერთი სქრინი, 30 ნოემბერს, მას შემდეგ რაც უკვე განხორციელდა თავდასხმა, ერთ-ერთ მოსაუბრეს გიორგი მინდაძე უყვება დეტალებს, როცა ეკითხებიან, რას აკეთებდი საღამოს საათებშიო, პასუხობს – Davxoce robokopebi-ო, რაც გარკვეულწილად მის მიერ განხორციელებულ ქმედებას უსვამს ხაზს, რომ ის გდდ-ის თანამშრომლების მიმართულებით ისროდა პიროტექნიკას არაერთხელ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ შმაგი ჯაჭვაძემ განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც მან დაზიანება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ გიორგი მინდაძე ისროდა პიროტექნიკას და სხვა პირი არ ისროდა. როდესაც მინდაძემ ისროლა, ამის შემდეგ აფეთქდა ის და მოხვდა ფეხში. და დანამდვილებით მიუთითა მინდაძეზე.

რაც შეეხება ქმედების კვალიფიკაციას, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბატონი გიორგის ქმედება წარმოადგენს თავდასხმას პოლიციის თანამშრომლის მიმართულებით…

საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ მტკიცებულების შეფასების საფუძველზე  სასამართლო გამოიტანს ერთადერთ სწორ სამართლიან გადაწყვეტილებას და ბრალდებულს ცნობის დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანიშნავს სამართლიან სასჯელს კანონით დადგენილი წესით“, – განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.