პარტია „ფედერალისტების“ პოლიტიკური საბჭოს წევრ გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, „ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლებს, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილსა საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. ამის შესახებ ნონიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გუშინ საღამოს შემდეგ ამ საკითხს ბანკებთან არკვევენ, თუმცა უშედეგოდ. ნონიაშვილი ვარაუდობს, რომ ანგარიშებზე წვდომა უსაფუძვლოდ და უკანონოდაა შეზღუდული, რადგან გელავასა და ბუზიაშვილის ანგარიშებს ოფიციალურად ყადაღა არ ადევს.
„ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ, სოფომ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთო ბუზიაშვილსაც იგივე პრობლემა აქვს.
გუშინდელი საღამოდან „თიბისისთან” და „საქართველოს ბანკთან” ვარკვევთ თუ რატომ. პასუხი არ არის. „ვარკვევთ” „არ ვიცით, რაღაც ხარვეზი იქნება”… თითქოსდა პატარა პრობლემაა. ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ.
თიბისის ფილიალის მენეჯერი როგორც კი გადაღება დავიწყეთ, მტკიცებულებისთვის, თავისივე ბანკის ოთახიდან გაგვექცა. ბანკში საათები გავატარეთ. „დაგველოდეთ…დაგველოდეთ, ავალთ, ჩამოვალთ…” მერე ისევ. უსასრულო გაწელვა 6 საათამდე.
ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით.
გვუბნებიან რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა რა საფუძვლით ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ.ვერც იმას, ვინ გადაწყვიტა ეს და ვისი პასუხისმგებლობაა. დალოდების საათები კი არ სრულდება.
თუ თიბისი და საქართველოს ბანკი ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ „ბესპრედელის” გამო (ქვეყნის გარეთაც) – გავაგებინებთ”, – წერს ნონიაშვილი სოციალურ ქსელში.
24 ოქტომბერს, ჩხრეკა თბილისში რამდენიმე ადგილას ერთდროულად მოეწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაჩხრიკა Concentrix-ის ერთ-ერთი თანამშრომლის, სანდრო ცხადაძის სახლი.
ასევე, გაჩხრიკეს რუსული დეზინფორმაციის მკვლევრების, ამერიკული ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები. ამოიღეს ყველა სახის ელექტრონუნლი მოწყობილობა.
ეთო ბუზიაშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება 3 მუხლით: სსკ-ის 180-ე, 218-ე და 194-ე მუხლები – თაღლითობა, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჩხრეკა ეხება ე.წ ქოლცენტრებს. უწყების განცხადებით, „საგამოძიებო ღონისძიებები წარიმართა „სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში“, თუმცა განცხადებაში ობიექტები ჩამოთვლილი არ არის. არ ამბობენ არც იმას, ამ საქმის ფარგლებში ჩატარდა თუ არა ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა.
ქუთაისში გაჩხრიკეს მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლი. როგორც ტყეშელაშვილმა თქვა, მას უთხრეს, რომ საქმე ე.წ ქოლცენტრებს ეხება, თუმცა მას ამასთან შეხება არასდროს ჰქონია.