ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე წარსულში ჰომოფობიური გამონათქვამების გამო ბოდიშს იხდის.
გივი ავალიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა 2013 წელს ჩაწერილი გადაცემა „მძიმე კაცთან“, რომელშიც გიორგი თარგამაძე ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს:
„მე ვისურვებდი, ჩემი შვილები არ მეტარებინა ისეთ სასწავლებელში, სადაც გაცხადებულად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იქნება პედაგოგად. მე მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ არაჯანსაღ გარემოს შექმნის მოზარდების აღზრდისა და განვითარების პირობებში. განსაკუთრებით იმ ასაკში, რა ასაკშიც ჩვენი შვილები დადიან. მიმაჩნია, რომ ეს მაინც არის გადახრა, ეს არ არის ნორმალური“, – აცხადებდა გიორგი თარგამაძე გადაცემაში „მძიმე კაცთან“, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია გამოქვეყნებული.
გივი ავალიანმა თარგამაძეს საჯაროდ ჰკითხა, იმავე აზრზეა თუ არა „ფორმულას“ დირექტორის მოადგილე, რაზეც თარგამაძემ საჯაროდ გამოქვეყნების ნებართვით, პირადად მისწერა:
„ბატონო გივი, სრულიად მესმის და ვიზიარებ თქვენს ლეგიტიმურ სურვილს იცოდეთ პასუხი დასმულ კითვაზე. გპასუხობთ: არა, არ ვიზიარებ. ვთვლი, რომ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანის ღირსებაზე მსჯელობა არასწორია და მიუღებელი. აქვე ბოდიშს ვუხდი იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებთან მიმართებაშიც ჩემი რამდენიმე ძველი გამონათქვამი იყო გამოყენებული. მათ შორის ვთვლი, რომ ჩემი ან სხვა ადამიანის რელიგიური შეხედულებები არ გვაძლევს უფლებას საჯარო სივრცეში მათ აქტიურობას და მითუმეტეს არსებობას რაიმე რეგლამენტაცია დავუწესოთ. ამ მხრივ ჩვენი კონსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო მკაფიო გარანტიებს ქმნის, რომლის სულისკვეთებაც არის და იქნება ჩემი ახლანდელი და შემდგომი საქმიანობის საყრდენი და სახელმძღვანელო პრინციპები“, – აცხადებს გიორგი თარგამაძე.
გივი ავალიანის Facebook-პოსტზე გიორგი თარგამაძის კომენტარს ეხმაურება ლგბტ აქტივისტი ბექა გაბადაძე:
„ბატონ თარგამაძეს თუ მართლა უნდა ეს სირცხვილი ჩამოირეცხოს, ბოდიში მოიხადოს საჯაროდ, ტელევიზიით და იმდენჯერ რამდენჯერაც ჰომოფობიური განცხადებებისთვის გამოუყენებია საპარლამენტო ტრიბუნა. ზუსტად მაშინ, როცა ქდმ ქუჩებში გაშლილ კარვებში ჰომოფობიურ ჩანაწერებს ავრცელებდა და ხელმოწერებს აგროვებდა, უნივერსიტეტში მირტყამდნენ“, – წერს ბექა გაბადაძე
2013 წელს გიორგი თარგამაძემ, საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ერთსქესიანი ქორწინების“ წინააღმდეგ ხელმოწერებსაც აგროვებდა. „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვდა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობად უნდა ჩაწერილიყო.
„ვისაც არ უნდა იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც დაკანონებული იქნება ერთსქესიანი ქორწინებები, ყველა თანმდევი მორალური თუ სამართლებრივი შედეგით. ის, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას ცივილიზებული, სამართლებრივი, პოლიტიკური ფორმით მისი ქვეყნის მომავლის, მისი ოჯახის მომავლის განსაზღვრაში“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.