აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა.
საქმეზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.
პროკურორების – ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილის დასკვნითი სიტყვის მერე, 20 აგვისტოს სხდომაზე დასკვნითი სიტყვა თქვა გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა. დასკვნითი სიტყვის წერილობითი ვერსიის თანაავტორი ადვოკატი გოგიტა ბახტაძეა.
ჩომახაშვილმა საუბარი დაიწყო ბრალდებულების მიმართ წაყენებული მუხლის განმარტებით (სსკ-ის 225 – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო მითითება გვაძლევს განმარტებას, რომ აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობის მიღება, მაშინ ჩაითვლება დანაშაულად თუ აღნიშნული ორგანიზებულია, გამოკვეთილია ხელმძღვანელი ან ორგანიზატორი.
მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა იქნას განზრახ, რაც იმას გულისხმობს, რომ ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს მონაწილის განზრახვა, ანუ ცოდნისა და ნებელობის კომპონენტი.
ადვოკატმა მოიხმო უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენები და აღნიშნა, რომ:
„ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანლეობა და მასში მონაწილეობა შეუძლებელია განხორციელდეს წინასწარი შეთანხმებისა და ჯგუფის მიერ ორგანიზებული საკითხების გადაწყვეტის, ორგანიზატორის ან ხელმძღვანელი პირის და მითითებების შემსრულებელ პირთა არსებობის გარეშე”.
შედეგად, ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ:
„თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ, ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითების შესრულების ფაქტი სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება. თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას”.
რას ედავება ბრალდება გიორგი ტერიშვილს:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გიორგი ტერიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ისროდა მოგრძო მასიურ ნივთებს სამართალდამცაველების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებს და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ადვოკატი ზემოთ მოყვანილი მსჯელობის შედეგად აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს რომ არსებობდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი და რომ კონკრეტული პირი მონაწილეობას იღებდა ამ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ქმედებაში.
მან მოიხმო მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის დაკითხვის ეპიზოდი, სადაც ის ამბობს, რომ „საქმეზე დადგენილი არ არის ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, თუმცა, შესაძლოა ტერიშვილი იცნობდეს მას”.
ჩომახაშვილის თქმით, თუ ბრალის შესახებ დადგენილებით ვიხელმძღვანელებთ, ბრალდება ორგანიზატორებად მიუთითებს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს. აღნიშნული პირების მხრიდან ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი მათ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადასტურებული არ არის.
მაშასადამე, მისი თქმით, თუ არსენ ხუნაშვილს დავუჯერებთ, ამ საქმეზე თუ არ არის გამოკვეთილი ორგანიზატორი ან ხელძღვანელი, ზემოთმოცემული მსჯელობით, გიორგი ტერიშვილის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი. მაგრამ თუ დაშვებას გავაკეთებთ, რომ ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი გამოკვეთილია, მაშინ უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რომელსაც ჰქვია „მითითებების შემსრულებელი პირი”.
მისი თქმით, სასამართლო პრაქტიკამ გამოყო რამდენიმე კოპონენტი და ტერიშვილთან მიმართებით მან სწორედ ამ კომპონენტების მიხედვით ისაუბრა:
- ნაცნობობა;
- ერთმანეთთან კავშირი;
- განხორციელებული ქმედების ორგანიზებული ხასიათი;
- ქმედებების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი;
1 – ნაცნობობა
ადვოკატის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის არცეთი მტკიცებულება, რომ გიორგი ტერიშვილის იცნობს ბრალში მითითებულ პირებს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს…
„მოწმე არსენ ხუნაშვილის გადმოცემით, გიორგი ტერიშვილმა ნამდვილად გადასცა ბრალდების მხარეს მობილური ტელეფონი და მასში შეღწევის კოდი. მიუხედავად, ამისა მოწმემ განმარტა, რომ მას არ დაუთვალიერებია გიორგი ტერიშვილის მობილური ტელეფონი. ასევე მოწმის ჩვენების თანახმად, მას არ გამოუთხოვია მობილური ტელეფონის ანძების ამონაწერი, მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა გიორგი ტერიშვილის მობილურის ნომერი და მობილურში შეღწევის კოდი. მან განმარტა, რომ ვინაიდან მას არ გამოუთხოვია აღნიშნული ინფორმაცია, მან არ იცის გიორგი ტერიშვილს ჰქონდა თუ არა კონტაქტი, საქმეში წარმოდგენილ ორგანიზატორებთან ან სხვა პირებთან.
მოწმემ განმარტა, რომ მან არ იცის გიორგი ტერიშვილს აქვს თუ არა ზარი განხორციელებული მონაწილე პირებთან. მაშასადამე, არსენ ხუნაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ტერიშვილი არ იცნობს ბრალში მითითებულ არცერთ პირს, არც ე.წ. ორგანიზატორს ან ხელმძღვანელს და არც იმ პირებს, რომლებიც მის მსგავსად ბრალდებულნი არიან ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილოებისათვის.
ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ნაცნობობის კომპონენტი ვინაიდან მან არ ჩაატარა: მობილური ტელეფონის დათვალიერება, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის 13 დეკემბერს დაკმაყოფილდა შუამდგომლობა ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ, რითაც გამომძიებელს მიეცა უფლება გამოეთხვა ინფორმაცია გიორგი ტერიშვილის მობილური ტელეფონიდან. თუმცა, დათვალიერების ნაცვლად, 14.12.2024 წელს დაინიშნა საინფორმაციო–ტექნოლოგიური ექსპერტიზა, გიორგი ტერიშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ტელეფონზე, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია”, – აღნიშნავს ადვოკატი.
2 – კონტაქტი
ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ არის დადასტურებული კონტაქტი, გიორგი ტერიშვილისა და სხვა პირების მიმართ, შესაბამისად კონტაქტისა და ნაცნობობის არ არსებობა აჩენს გონივრულ ეჭვს, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3 – ქმედებების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი
დაცვის მხარის მოსაზრებით, საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდა, რომ გიორგი ტერიშვილი ასრულებდა რომელიმე ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის მითითებებს.
…არსენ ხუნაშვილმა განმარტა, რომ გიორგი ტერიშვილი შესაძლოა ვიღაცის მითითებებს ასრულებდა, რაც უკვე გონივრული ეჭვის საფუძველს აჩენს, ვინაიდან ნებისმიერი – „შესაძლოა“ არის მხოლოდ ვარაუდი, რომელიც დადასტურებულ ფაქტად ვერ მიიჩნევა.
ასევე, ბრალდებამ ვერ დაადასტურა, მითითებების მიღების წყარო, ფორმა ან შინაარსი. მოწმემ განმარტა, რომ შესაძლოა გავლენა მოეხდინა ზემოთ ჩამოთვლილი პირების საჯარო მოწოდებებს, თუმცა, სოციალური ქსელიც კი არ არის დათვალიერებული, საერთოდ წვდომა ჰქონდა თუ არა საჯარო ინფორმაციაზე გიორგი ტერიშვილს”, – ამბობს ადვოკატი.
4 – განხორციელებული ქმედების ორგანიზებული ხასიათი
დაცვის მხარე განმარტავს, თუ რა დროს არ შეიძლება ჩაითვალოს პირის ქმედება ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობად, ხელმძღვანელობად ან ორგანიზატორობად.
„კერძოდ, თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას”.
ადვოკატი დასძენს, რომ იმ პირობებში, როდესაც ტერიშვილი მხოლოდ ერთი დღის, ვიდეოს ორ-წუთიან მონაკვეთში, სხვებისგან განყენებულად ფიგურირებს, მისი ქმედება უნდა შეფასდეს სპონტანურად და არა ორგანიზებულად.
მისივე თქმით, ტერიშვილის წინააღმდეგ საქმეში არსებულ ვიდეოზე ასახული არ არის არცერთი ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი; გიორგი ტერიშვილი არ ესაუბრება არავის; არ ჩანს არცერთი სხვა ბრალდებული; გიორგი ტერიშვილი არ ეხმარება არავის და ჯგუფურად არ მოქმედებს; გიორგი ტერიშვილი დგას მარტო.
დასკვა | დასკვნის სახით, ადვოკატი ამბობს, რომ ზემოთ წარმოდგენილი ანალიზით ცხადია, რომ გიორგი ტერიშვილის მიმართ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მონაწილეობას ორგანიზებულ დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ:
1. ნაცნობობა – საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ გიორგი ტერიშვილი იცნობდა ბრალდებაში ნახსენებ პირებს, მათ შორის ე.წ. ორგანიზატორებს ან ხელმძღვანელებს.
2. კონტაქტი – არ არის დადასტურებული რაიმე სახის კონტაქტი გიორგი ტერიშვილსა და სხვა პირებს შორის.
3. მითითებების შესრულება – ვერ დადგინდა, რომ გიორგი ტერიშვილი ასრულებდა ვინმეს მითითებებს. მოწმის მიერ გამოყენებული სიტყვა „შესაძლოა“ ვერ წარმოადგენდა ბრალის დამამტკიცებელ საფუძველს, რადგან მხოლოდ ვარაუდს ეფუძნებოდა და არა ფაქტს.
4. ორგანიზებული ხასიათი – წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ გიორგი ტერიშვილი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მარტო, არ ესაუბრებოდა არავის, არ იყენებდა საკომუნიკაციო საშუალებებს.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ორგანიზებული ქმედების დადასტურება გამორიცხულია.
დამატებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი სხვა არსებითი მტკიცებულება – მოწმის ჩვენება, ამოცნობის ოქმი, ფარული საგამოძიებო მოქმედება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოყენებული შეიძლება ყოფილიყო.
სასამართლო პრაქტიკის თანახმად, როდესაც პირი მოქმედებს სპონტანურად, კონკრეტულ დროსა და სიტუაციიდან გამომდინარე, ეს გამორიცხავს მის ქმედებას ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობად.
სწორედ ეს დასტურდება მოცემული საქმის მასალებითაც – გიორგი ტერიშვილის ქმედება იყო ერთჯერადი, სპონტანური და არა წინასწარ შეთანხმებული ან ორგანიზებული.
…სახელმწიფო ბრალდებას უნდა წარმოედგინა, ფარული ჩანაწერები, სადაც გიორგი ტერიშვილი ესაუბრება, რომელიმე ხელმძღვანელს, ორგანიზატორს ან მონაწილეს, რა დროსაც ისინი მისცემდნენ კონკრეტულ მითითებას, ხოლო გიორგი ტერიშვილი განახორციელებდა მას.
ბრალდებას შეეძლო წარმოედგინა გიორგი ტერიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი ან საინფორმაციო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არსებობის შემთხვევაში დადასტურდებოდა გიორგი ტერიშვილის მიერ კონკრეტულ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა.
ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ რომ გიორგი ტერიშვილი ჩართული იყო ორგანიზებულ ქმედებებში.
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, გულწრფელად რომ ვთქვათ, ვერც წარმოადგენდა, ვინაიდან ბუნებაში აღნიშნული შინაარსის მტკიცებულებები არ არსებობს”, – განაცხადა ჩომახაშვილმა.
„საგანი დადგენილი არ არის”
ბრალდების მხარე გიორგი ტერიშვილს ედავება, რომ მან მასიური მოგრძო საგნები ისროლა პოლიციის მიმართულებით.
ადვოკატი ამბობს, რომ ფაქტობრივად, ბრალდების მხარემ არ ჩაატარა ექსპერტიზა საგანთან დაკავშირებით, არ ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და არ მოიპოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, შესაბამისად, ვინაიდან ვიდეო ჩანაწერიდან შეუძლებელია დადგენა საგანი იყო თუ არა მძიმე და შეეძლო თუ არა საფრთხის შექმნა.
ადვოკატის თქმით, ბრალში მითითებული მოგრძო მასიური ნივთები არ არის დადგენილი და შეუძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
„მოგეხსენებათ, სსკ 225-ე მუხლის სავალდებულო კომპონენტი არის სწორედ საგანი, მის გარეშე აღნიშნული ქმედება დანაშაულს არ წარმოადგენს.
სწორედ ამიტომ ორგანიზებულ ქმედებასთან ერთად კონკრეტული საგნის რაობის დადგენა შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ მოწმე დავით ქიტიაშვილმა, რომელსაც მის მობილურ ტელეფონთან ზედემტად რომანტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, განაცხადა, რომ ფიზიკის კანონის თანახმად, აღნიშნული საგანი იყო მძიმე, თავად ექსპერტმა ნინო ბორაშვილმა და დაცვის მხარის ექსპერტმა მარიკა ტოკლიკიშვილმა გამორიცხეს, მხოლოდ ვიდეო ჩანაწერით საგნის წონის დადგენა, იმ პირობებში როდესაც ვიდეო ჩანაწერზე დაცემის ადგილი წარმოდგენილი არ არის”, – ამბობს ადვოკატი.
დაზარალებული მოწმეების ჩვენებები
ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარე გიორგი ტერიშვილს ედავება, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს გამთენიისას ინგოროყვასა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე ორჯერ ისროლა მოგრძო მასიური საგანი.
ადვოკატი ამბობს, რომ ფაქტობრივად, ჩვენ ვნახეთ 14 დაზარალებული მოწმის ჩვენება – არცერთი მოწმე არ ამბობს, რომ მოხვდა მოგრძო მასიური საგანი.
„14 მოწმიდან 7 მოწმე 2024 წლის 01 დეკემბერს არ დაზიანებულა, დანარჩენი 7 მოწმიდან მხოლოდ 2 იმყოფებოდა 2024 წლის 01 დეკემბერს გამთენიისას, დანარჩენი ხუთი საღამოს. დარჩენილი 2 მოწმიდან, არცერთი არ იმყოფებოდა ინგოროყვას ქუჩაზე.
შესაბამისად, თუ ჩვენ გიორგი ტერიშვილს ვედავებით, რომ შესაძლოა დაეზიანებინა ან საფრთხე შეექმნა რომელიმე პოლიციელისთვის, იმ პირობებში როცა არც ორგანიზებულობა დავადგინდეთ, არც ნასროლი საგნის ფორმა, წონა და მახასიათებლები და არც მოწმე მოვიყვანეთ, რომელიც დაზიანდა ამ ქუჩაზე ამ დროს და ამ დღეს, მაშინ ვის შეუქმნა საფრთხე?”, – ამბობს ის.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ გამამართლებელ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს. მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომაა გამორიცხული ბრალის გადაკვალიფიცირება და რატომ უნდა გამოირიცხოს ინდივიდუალური ბრალის შესაძლებლობა.
„სასამართლო მოკლებულია ინდივიდუალური ბრალის გამოტანის ნებისმიერ შესაძლებლობას, ვინაიდან ინდივიდუალურად არცერთი დაზარალებულს არ უთქვამს, რომ გიორგი ტერიშვილისგან მიიღო ფიზიკური დაზიანება ან გაუჩნდა ფიზიკური დაზიანების რეალური შიში”, – ვკითხულობთ დასკვნით სიტყვაში.
„პოლიტიკური სისხლისსამართლებრივი დევნა”
დასკვნითი სიტყვის ბოლოს ჩომახაშვილმა საქმის პოლიტიკურ ინტერესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ:
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის პოლიტიკური სისხლისსამართლებრივი დევნა იმისთვის, რომ სამომავლოდ ადამიანს არ გაუჩნდეს სურვილი, რომ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაიცვას რუსული გავლენებისგან.
ეს დადასტურდა რუსული კანონის მიღებისას, ეს დადასტურდა გავრილოვის ღამეს, ეს დადასტურდა ამ საქმეებზე, სადაც გვყავს 400 დაზარალებული, არც ერთი პოლიციელი დაკავებული არ არის”, – აღნიშნა ჩომახაშვილმა.