საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
როგორც მან თქვა, გიორგი ვაშაძე არის ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს ეს შეთანხმება შედგეს.
„ამიტომ ვფიქრობ, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრინციპულად მზად ვართ, ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან განვიხილოთ შეთანხმების საკითხი თუ ისინი გადახედავენ პოზიციას, რომელიც ბოლო დიალოგში ჰქონდათ. მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელია შედგეს ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან.
ბოლო დიალოგის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, სადაც ჩანს, საზოგადოება მხარს არ უჭერს ბოიკოტს. მათი მხარდამჭერებიც კი არ უჭერენ მხარს გაკოტრებულ დესტრუქციულ გეგმას, რომელსაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მთელ ოპოზიციას თავს ახვევდა, რომ ცვლილებები ან გადაწყვეტილებები მიღებულიყო პარლამენტის გარეთ, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით. ეს გეგმა არის გაკოტრებული და სწორად ხედავს ამას გიორგი ვაშაძე და სხვა მისი კოლეგებიც, ვისაც ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს.
„გირჩი“ და „მოქალაქეები“ არის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მაშინვე დაეთანხმენ ამ პირობებს და რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ხელისუფლება მზად იყო შეთანხმებისთვის. ამ ხალხმა სიმართლე თქვეს და ეს სიმართლე დასაფასებელია“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.