გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელს“ ქმნიან

პუბლიკა

გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პლატფორმის სახელწოდება „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება და ის სამი სუბიექტისგან შედგება. მასში გაერთიანდებიან „ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ექსპერტები.

„დღეს არის გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ 31 ოქტომბერს გაიმარჯვოს საქართველომ და განაცხადი, რასაც ვაკეთებთ, ამ გამარჯვებისთვის გადადგმული ნაბიჯია.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“,  რომელიც შედგება ამ ეტაპზე სამი სუბიექტისგან: „ახალი საქართველო”, „კანონი და სამართალი” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ქვეყნის განვითარების გეგმა. ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, დავამარცხოთ სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონრებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები საქართველოში და ამაზე დეტალურად 30 ივლისს ვისაუბრებთ. არჩევანი ძალიან მარტივია – აღმშენებლობა თუ „დამსხვრეული ოცნებების პარტია“?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ პრეზენტაციაზე პარტიის ლოგოც წარადგინა: თეთრ ფერზე წითელი ასოებით დაწერილი „სტრატეგია აღმაშენებელი“ და განმარტა, რომ თეთრი სისუფთავის, სიწმინდისა და პატიოსნების სიმბოლოა; წითელი ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლოა, ქართული ეროვნული ფერი, რომლითაც საქართველომ უნდა იამაყოს. ვაშაძის განმარტებით, ლოგოზე გამსოახული ჯვრები ისტორიულად საქართველოს და ზოგადად ქრისტიანული საზოგადოების სიმბოლოა;

„სტრატეგია არის ის, რაც სჭირდება დღეს საქართველოს ქვეყნის განვითარებისთვის, აღმშენებლობა კი არის ის იდეა, რომელიც დაამარცხებს დამსხვრეული ოცნებების პარტიას“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაერთიანების პრეზენტაციისას თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ დღეს ქართულ პოლიტიკას თეორეტიკოსი პოლიტიკოსები კი არა, პრაქტიკოსი პოლიტიკოსები სჭირდება.

„დიდი არჩევანი ალბათ არ დასჭირდება ოქტომბერში ჩვენს ქვეყანას, სიახლეს ელოდება საზოგადოება და ეს არჩევანი იქნება ალბათ სიღარიბე თუ ახალი, სამართლით გაჯერებული საქართველო“, – განაცხადა ჩარკვიანმა.