„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. მასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და ბრალის დადგენილება გააცნეს.
„ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ერთიანობით!“ – თქვა ვაშაძემ დაკავებისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება 2 წლით აუკრძალა.
ვაშაძეს პროკურატურა „ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა. მის წინააღმდეგ პროკურატურას თეა წულუკიანის კომისიამ მიმართა.
განაჩენის გამოცხადებას ვაშაძე არ ესწრებოდა – ის პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც მისი მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და აქტივისტები შეიკრიბნენ. ადგილზე მივიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
ამავე საქმეზე გუშინ, 23 ივნისს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, ხოლო „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით პატიმრობა.