გიორგი ვაშაძე დააკავეს – შსს

პუბლიკა

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავებას შს სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, გიორგი ვაშაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 12 პირი დააკავეს.

როგორც უწყებაში „პუბლიკას“ უთხრეს,  ეს პირები პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით არიან დაკავებული.

„პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული“, – ამბობენ შსს-ში.

პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. დღეს დეპუტატებმა იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას კენჭი უნდა უყარონ.