„გირჩი“ ბოიკოტს უერთდება და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

პუბლიკა

პარტია „გირჩი“ ბოიკოტს უერთდება და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს, – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

„ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ხელისუფლებას ბოლომდე ამოწურული აქვს რესურსი იმისა, რომ ამ ქვეყანაში რამე სასიკეთო აკეთოს და შეცვალოს. ამიტომ, ჩვენ თვეების განმავლობაში ვთანამშრომლობდით ოპოზიციურ პარტიებთან, რომ მიგვეღწია კონკრეტული შეთანხმებისთვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდოდა პარლამენტში შესვლა, რომ ეს რაღაცები გაგვეკეთებინა. ჩვენ ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია „გირჩისთვის“ პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პარტიის სტატუსის მიღება (ჩვენი სლოგანი წინასაარჩევნოდ იყო „გირჩი პარლამენტში“). ასევე, ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებებზე და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტს უცხადებენ, გირჩიც უერთდება ამ ბოიკოტს“, – აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ ბრიფინგზე.

ჯაფარიძის თქმითვე, ის მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნების მეორე ტურშიც.

საპარლამენტო მანდატებზე ასევე უარს ამბობს: „ევროპული საქართველო“, „ლელო-საქართველოსთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“. ალეკო ელისაშვილის „მოქალაქის“, „სტრატეგია აღმაშენებლის”, „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.