პარტია „გირჩი“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, პარტიებს ვალდებულება ეკისრებათ, პარტიული სია ისე ჰქონდეთ შედგენილი, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ვებგვერდზეა გავრცელებული.
პარტიაში ამბობენ, რომ „გირჩის“ შემთხვევაში პარტიულ სიას პარტიის პარტნიორები ადგენენ და სია ისე კომპლექტდება, როგორც მათ წარმოუდგენიათ სწორად და სამართლიანად. პარტნიორი კი ხდება ყველა ის ადამიანი, ვისაც „გირჩისთვის“ თუნდაც 1 ცენტი შეუწირია.
„მიუხედავად იმისა, რომ „გირჩს“ პარტიულ სიას კონკრეტული მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მხარდაჭერა უკვე აქვს, „გირჩს“ მაინც არ მიეცემა საშუალება, დარეგისტრირდეს არჩევნებზე, თუ კვოტების რეგულაციას არ დაემორჩილება. პარტიებისთვის ასეთი შეზღუდვის დაწესება ხელს უშლის, როგორც მათ პასიურ საარჩევნო უფლებას, ასევე ამომრჩევლების ნების თავისუფლად გამოხატვას“, – ამბობენ პარტიაში.
„გირჩში“ ვფიქრობთ, რომ გენდერული კვოტების კანონპროექტის მიღება მხოლოდ ხელოვნურად ზრდის ქალთა წარმომადგენლობას პარლამენტში და რეალურად აზიანებს დემოკრატიისა და სამართლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს, რადგან კვოტა გულისხმობს, რომ ადამიანებს ინდივიდუალური დამსახურების მიხედვით კი არ ვარჩევთ, არამედ ჯგუფთან მიკუთვნებულობით.
ჩვენ მიერ გასაჩივრებული ნორმა ზღუდავს ამომრჩევლის ნებას და უფლებას, აირჩიოს თავისი წარმომადგენლობა. „გირჩის“ საარჩევნო სიას, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენი მხარდამჭერები ადგენენ ჩვენივე ციფრული პორტალის – girchi.com-ის მეშვეობით, შესაბამისად, ამ ადამიანებს ვართმევთ უფლებას, პარტიული სია ისე დააკომპლექტონ, როგორც თავად წარმოუდგენიათ სწორად.
ამჟამად „გირჩის“ საარჩევნო სიაში (რომელიც საბოლოო სახის მიღებამდე ცვალებადია) მე სიის მე-16 ნომერი ვარ. ჩემი ხელოვნურად მე-4 ადგილზე გადასვლა არა მხოლოდ ჩემივე პოზიტიური დისკრიმინაციაა, არამედ ფუნდამენტურად ცვლის „გირჩის“ პრინციპს, რომ პარტნიორებს მისცეს საშუალება, თავად აირჩიონ ფავორიტი პოლიტიკოსი. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბრძოლა ამ ნორმის გასაუქმებლად ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს პარტიის წევრი ანა ჩიქოვანი.
„გირჩი“ სარჩელს კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, დღეს 17:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში დაარეგისტრირებს.