„გირჩი-მეტი თავისუფლება”-ს განცხადებით, 13 მაისის დილით რუსული კანონის საწინააღდეგო აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად დააკავეს მათი 4 მხარდამჭერი: გიორგი კემულარია, მისი ძმა – ლაშა კემულარია, რევი ყურაშვილი და ზურა ხომერიკი.
პარტიისვე ცნობით, ოთხივე მათგანს გაუსწორდნენ ფიზიკურად.
„გირჩი-მეტი თავისუფლება”-ს განცხადებით, ადვოკატის თქმით, გიორგი კემულარიას „თავზე აქვს სისხლნაჟღენთი, ნეკნები აქვს დაჟეჟილი და სუნთქვის დროს სტკივა, ეტყობა გარე დაზიანებებიც”.
„ე.წ. „სამართალდამცველებთან’’ საუბრის დროს ახსენა, რომ იყო “გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი” და ხალხი ამ ძალადობას არ შეარჩენდა, რის შემდეგაც გაცილებით აგრესიულად ექცეოდნენ და დამატებით სცემეს”. – აცხადებს პარტია.
გარდა ამისა, მათი ცნობით:
„ლაშა კემულარიას სახეზე აღენიშნება სიწითლეები და მრავლობითი დაზიანებები ტანის არეში.
ზურა ხომერიკის კადრები ვრცელდება, სადაც ნათლად ჩანს, ნიღბიანი სამი ადამიანი როგორ სცემს დაკავების შემდეგ, კორდონს მიღმა.
რევი ყურაშვილს თითის ანაბეჭდით იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაახსნევინეს კუთვნილი მობილური ტელეფონი.
ადვოკატის თქმით, ნიღბიანების ჯგროს მიერ ჩარტყმებისა და ფიზიკური ძალადობის წრე ყველა დაკავებულმა გამოიარა”.
დღეს შსს-მ საპროტესტო აქცაზე 20 ადამიანი დააკავა.
დაკავებისას მათ უდიდეს ნაწილზე ფიზიკურად იძალადეს.
მათ შორის, აქციის მონაწილე გურამ ადამია, რომელსაც დაკავებისას გაუსწორდნენ, კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, მას აქვს დაზიანებები სახეზე და სხეულზე. მისი თქმით, ადამია იხსენებს, რომ დაკავებისას არა მხოლოდ ურტყამდნენ, რომ წაიქცა, ფეხით გადადიოდნენ მასზე.