ცოტნე კობერიძემ, ბორის ჩელე ყურუამ და ბადრი გრიგალაშვილმა „გირჩი – მეტი თავისუფლება” დატოვეს.
ამის შესახებ სამივე პოლიტიკოსმა ფეისბუქის საკუთარ გვერდებზე დაწერა.
„რასაც ვაკეთებთ, ახალი აღარაფერია – ყველაფერი იგივეა. მე არ მჯერა, რომ იგივეთი ცვლილება შეიძლება.
არ მჯერა, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება გამოვა.
არ მჯერა, რომ პოლიტიკური სპექტრის, დამოკიდებულებების, აქტორების და გარემოს ცვლილების გარეშე გამარჯვების შანსი გვაქვს.
არ მჯერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები საკმარისი იქნება და ამის შემდეგ მუშაობა აღარ დაგვჭირდება.
არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია – ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი პრეზიდენტი.
არ მჯერა, რომ შეცდომების აღიარების გარეშე, ბოდიშის მოხდის გარეშე, რამე გამოვა.
ბოდიში, რომ არჩევნების შედეგები აღტკინებულმა მოგილოცეთ და 15 წუთში სხვა შედეგები ნახეთ.
ბოდიში, რომ არჩევნების შემდეგ საჯაროდ არ გამოვჩნდი და არ ვისაუბრე.
ბოდიში, რომ ჩავთვალე – ტყუილის ართქმა საკმარისი იყო…” – ამბობს ცოტნე კობერიძე.
ფეისბუქზე დაწერა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ბორის ჩელე ყურუამაც:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეგობრობას არაფერი ემუქრება, პოლიტიკური გზები გაიყო და მიწევს ამ მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება.
…ამ პროცესს სასიცოცხლოდ ჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა.
საქართველოში რუსეთი აღარ იქნება არასდროს, მაგრამ ცვლილებები ჰაერივით საჭიროა, ცვლილებებს კი ვერ მოვახდენთ თუ ჯერ ჩვენში არ შევცვლით რაღაცებს და იგივეს კეთებას და ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით.
სამომავლო გეგმებზე უფრო მეტს ვიტყვი, უახლოეს მომავალში”. – ამბობს ის.
პარტიას ტოვებს კიდევ ერთი წევრი – ბადრი გრიგალაშვილი:
„მოვდივარ, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ. რაც გირჩში მომწონდა – პოლიტიკაში თამაშის წესების ცვლილების პროცესი – ამას ბოლო ხანებია აღარ ვაკეთებთ.
ზოგადად, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება ეს გზა არსად არ მიდის, უბრალოდ ამისთვის თვალის გასწორება არავის უნდა და დარწმუნებული ვარ, იმის ფუფუნება აღარ დაგვრჩა, რომ თავი ავარიდოთ, პირველ რიგში, ჩვენში ცვლილებებს.
ბუნებრივია, ამ პროცესს ხელი შეუწყო ივანიშვილმაც, თუმცა არც ოპოზიციურ სპექტრს უცდია რეალურად ეპასუხა გამოწვევებისთვის. 12 წელია ერთ წრეზე დავდივართ, ერთიდაიგივე ტაქტიკით ვეთამაშებით მოწინააღმდეგეს და ყველა ჯერზე ერთნაირად ვმარცხდებით. მერე ეს წარუმატებელი სტრატეგია ხალხს ბრალდება და ასე იწყება ახალი, მოჯადოებული წრე”. – ამბობს იგი.