„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრსა და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს, ბორის ყურუას საქალაქო სასამართლომ 6 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტისა და ბორის ყურუას ადვოკატის გიორგი ტაბატაძის თქმით, სამართალდამცველებმა ის გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
გიორგი ტაბატაძე „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენებასა და დაკავების ოქმს, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ წარმოადგინა დაკავების უსაფუძვლობის ფოტომტკიცებულებები, მათ შორის ის, რომ მოწმის სახით დაკითხული პოლიციელი დაკავებისას იმ ადგილას საერთოდ არ იყო. გიორგი ტაბატაძის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ამასთან, ტაბატაძის ინფორმაციით, სასამართლოში დღეს ჩაინიშნა ბორის ყურუას კიდევ ერთი პროცესი სუს-ის შენობასთან ავტომობილის დალეწვის ფაქტზე. ის 173-ე და 166-ე მუხლებით 16 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა და წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ, უწყების შენობასთან „შკოდის“ ავტომობილი მიიყვანეს და დემონსტრაციულად, უროებით დალეწეს.