„გირჩი" მმართველი პარტიის მხარდაჭერით გენდერული კვოტირების გაუქმებას გეგმავს

პუბლიკა

„გირჩი” გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტირების შესახებ ჩანაწერი გაუქმდეს. როგორც მმართველი პარტიის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ამასთან დაკავშირებით „გირჩის” ლიდერს, იაგო ხვიჩიას შეხვედრა ჰქონდა უმრავლესობის ლიდერთან და „ქართული ოცნება“ სრულად ეთანხმება შეთავაზებულ ცვლილებებს.

„შედგა უმრავლესობის ლიდერსა და ბატონ იაგოს შორის კომუნიკაცია და პრინციპს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ეთანხმება უმრავლესობა, ასევე, ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. ამავდროულად, სამაგიეროდ, გირჩის მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არჩევას აქ ისინი იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული და არ იქნება გამოყენებული გარკვეული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის”, – განაცხადა დავითულიანმა.

დღეს ბიუროს სხდომაზე ამ ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირეს. როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, მის განხილვას, სავარაუდოდ, ოთხშაბათს დაიწყებენ.

ამასთან, ბიუროს სხდომაზე იაგო ხვიჩიამ მხარდაჭერისკენ მოუწოდა ოპოზიციასაც.

„არსებული რეალობით გამოდის, რომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა ვაღიარეთ, რომ ქალების ჩაგვრა გვქონდა მოწყობილი ოდესმე ამ ქვეყანაში, ან წარსულში, ან დღეს გვაქვს. მივიღეთ ეს კანონი ისე, რომ არ იყო დასახელებული არცერთი ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელმაც შეავიწროვა სხვა პოლიტიკოსი ქალბატონი და ამის გამო, თითქოს რაღაც საჭიროება გვქონდა ამის. მე მინდა, ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა, რომ ეს მძიმე, მორალური ტვირთი მოვხსნათ ქართველ ხალხს”, – თქვა მან.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, რომელიც პარლამენტმა 2020 წლის 2 ივლისს დაამტკიცა, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის.

მაშინ დამტკიცებული ცვლილებებით,  პროპორციულ პარტიულ სიებში სავალდებულო გენდერული კვოტირების მოქმედების ვადა 2032 წლის ჩათვლით არჩევნებისთვისთვისაც იმოქმედებდა.

ამასთან, ჯერ კიდევ მოქმედი ჩანაწერით დაკონკრეტებულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს ქალი (და არა განსხვავებული სქესის). ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.