პარტია „გირჩს“ სახალხო დამცველის არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან შეთავაზება აქვს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, დღეს ციხეში მყოფი ადამიანები ყველაზე დაუცველები არიან სახელმწიფოს წინაშე. როგორც ამბობენ, მათი კანდიდატის არჩევის შემთხვევაში, სახალხო დამცველი და მისი აპარატი კონცენტრირებული იქნება მართლმსაჯულებისა და პენიტენციურ სისტემებში ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან საპარლამენტო კონტროლზე.
„სწორედ ამ უფლებებთან (სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება) დაკავშირებით გვექნება საკანონმდებლო ინიციატივები და მოვითხოვთ პარლამენტის მხარდაჭერას იმ ნორმატიული აქტების შესაცვლელად, რომელიც, ჩვენი წარმოდგენით, ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ვეცდებით დავარწმუნოთ საქართველოს პარლამენტი, რათა ისეთი დანაშაულები, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავს, მინიმუმ, ციხით არ ისჯებოდეს.
ამავდროულად, გვესმის რა, რომ განსხვავებულ პარტიებს ადამიანის უფლებების დაცვაში განსხვავებული ხედვები და პრიორიტეტები გააჩნია, ხოლო ევროინტეგრაციის კონტექსტში ფართო კონსენსუსი აუცილებელია, ჩვენ მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შეთავაზებით:
სახალხო დამცველს ჰყავს ორი მოადგილე. ამ ორ თანამდებობას დავუთმობთ იმ ორ პარტიას, რომლისგანაც ყველაზე მეტ მხარდაჭერას მივიღებთ სახალხო დამცველად არჩევის დროს. ამ მოადგილეების მეშვეობით კი პარტიები შეძლებენ მათთვის პრიორიტეტულ თემებზე იმუშაონ.
ჩვენი წინადადების გაზიარების შემთხვევაში, სახალხო დამცველის არჩევა ფართო კონსენსუსის კარგი მაგალითი გახდება. ეს არა მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესში ითამაშებს დადებით როლს, არამედ ხელს შეუწყობს ამ ინსტიტუციის მეტ ეფექტიანობას, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების უფლებების უკეთ დაცვაში გამოიხატება“, – ამბობენ „გირჩში“.
საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ჰყავს სამი მოადგილე. პირველი მოადგილეა თამარ გვარამაძე. ომბუდსმენის მოადგილეები არიან ასევე ეკატერინე სხილაძე და გიორგი ბურჯანაძე.
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ. წარდგენილია 19 კანდიდატი, უკვე მოუსმინეს 12 კანდიდატს. სახალხო დამცველობის კანდიდატია პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩიაც. მას დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ამ კვირაში მოუსმენენ.