იურისტების ჯგუფი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება ორმაგ სტანდარტებს იყენებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დადგა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხი. ციხეში მოხვდნენ ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
თუმცა, მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების მანკიერი სამართალდაცვითი სისტემა გადმოიბარა და დღემდე არ დასჯილან საქმეში მონაწილე სხვა პირები – გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები.
„გირგვლიანის საქმის ფაბრიკაცია და მართლმსაჯულების გაყალბება მოხდა სწორედ სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების – გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების მიერ, თუმცა დღემდე არ დამდგარა მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
აღნიშნული მეტყველებს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლების მანკიერი სამართალდაცვითი სისტემა გადმოიბარა თავისი ფიგურანტებით და დღეს თავის სასარგებლოდ ამუშავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
იურისტები წერენ, რომ 2019 წელს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ (კონსტიტუციის 42-ე მუხლის) მიერ გამოქვეყნდა კვლევა რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გაამრუდეს მოსამართლეებმა მართლმსაჯულება გირგვლიანის საქმეზე. შესაბამისად, ნათელია, რომ გაყალბება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმებით მოხდა.
„სამოქალაქო სექტორმა არაერთგზის მოუწოდა ხელისუფლებას, რომ დაეყენებინა გირგვლიანის მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა მოხდა პირიქით, გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეები ნაირა გიგიტაშვილი და ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნენ.
დღეს როდესაც გირგვლიანის საქმის ირგვლივ საზოგადოებრივი ინტერესი კვლავ გამოცოცხლდა, იურისტები ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებენ აირიდოს ორმაგი სტანდარტით მოქმედება და სამართალდამცავი სისტემა გაათავისუფლოს იმ საქმის ფიგურანტებისგან რომელიც მძიმე ლაქად ადევს ქართულ მართლმსაჯულებას“, – ნათქვამა იურისტების გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 15 იურისტი: კახა წიქარიშვილი, კახა კოჟორიძე, მაია ბაქრაძე, ირაკლი კორძახია, ეკატერინე ციმაკურიძე, ბესიკ ლოლაძე, გიორგი ცობეხია, ირმა კაკიაშვილი, თამარ გეგელია, ირაკლი გაბრიჩიძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი შავაძე, თამარ გეგელია, თამარ ხიდაშელი და უჩა ნანუაშვილი.