„გიული ალასანიასთვის ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა ქონების ხელში ჩაგდების დროს ძალოვნები ატერორებდნენ ბიზნესმენებს“ - წულუკიანი

პუბლიკა

„ბევრი ინფორაცია და მასალა შეგროვდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმეზე. ეს ის ქონებაა – სახელმწიფო ქონება, რომელიც სააკაშვილის, მისი მთავრობისა და გარემოცვის წყალობით  ჩაიგდო ხელში მისმა დედამ – გიული ალასანიამ“, – განაცხადა  პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას.

მისივე თქმით, კომისიამ ასევე შეისწავლა, აგრარული უნივერსიტეტის საქმეც, სადაც, როგორც წულუკიანი ამბობს, გამოიკვეთა, რომ „ნაციონალაური მოძრაობის“ მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერი – კახა ბენდუქიძე აღმოჩნდა იმ ქონების პატრონი, რომელიც „თავის დროზე სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა“.

„საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2014 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო; მთელი მმართველობის პერიოდში ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და კერძო მესაკუთრეების რეკეტი, ტერორი წარმოდგენდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის სხვადასხვა სქემა ჰონდა შემუშავებული…

სქემებში მონაწილეობდა არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დავალებას მოცემული სტრუქტურის ხელმძღვანელის გვერდის ავლითაც იღებდა და ასრულებდა. სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სტრუქტურები სამართავად გადანაწილებული ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელს, ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობისა და ერთმანეთის ხელშეწყობის შედეგად სახელმწიფო რესურსის გამოყენებითა და ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის, უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის საქმის უსაფუძვლოდ აღძვრითა და სხვა.

ბიზნესის წარმომადგენლებსა და კერძო მესაკუთრეებს აიძულებდნენ, უძრავი ან მოძრავი ქონება დაეთმოთ, ამასთან გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულებისას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოცემული საკითხი განმახორციელებელი პირის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა თუ არა. დადასტურდა, რომ არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ე.წ. შავი სია და ბიზნესის რეკეტი პირადი ან პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოყენებოდა…“, – ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, ბიზნესისა და სხვა კერძო პირებისთვის ძალისმიერი ან სხვა უკანონო მეთოდებით წართმეული ქონება „ან გამოიყენებოდა პარტიული მიზნებისთვის, ან კიდევ ხმარდებოდა მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ლიდერების ოჯახების ან მათთან დაკავშირებული პირების კომერციულ მიზნებსა და პირად კეთილდღეობას.“

„…საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა არაერთი საქმე და გამოიკვეთა, რომ, როდესაც აუქციონზე გამოიტანდნენ დიდძალ სახელმწიფო ქონებას, საკუთარი ოჯახებისთვის ხელში ჩაგდების მიზნით, გიული ალასანიას შემთხვევაშიც ასე მოხდა. როდესაც ოჯახის წევრი იყო აუქციონში მონაწილე ერთადერთი კონკურენტი საკუთარ თავთან, შემდეგ, რა თქმა უნდა, გამარჯვებული პირი ვალდებული იყო, გადაეხადა ის თანხა, რომელიც აუქციონის შედეგად ეკისრებოდა. აღმოჩნდა, რომ მათ შორის გიული ალასანიასთვის ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების შესყიდვისა და სხვა ქონების ხელში ჩაგდების დროს შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურები ატერორებდნენ ბიზნესმენებს, რომ ქალბატონისთვის თანხები დაეფარათ.

ნათლად გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეწყობილ ბიზნესის რეკეტის სქემაში კერძო ბანკი „თი ბი სი“, მისი ხელმძღვანელები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბანკის ზოგიერთი სხვა თანამშრომელი მონაწილეობდა…“ – განაცხადა წულუკიანმა.