მსახიობი გივიკო ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ რუსული კანონის მობრუნებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოატყუა საქართველოს მოქალაქეები. ის აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოიგებს და გააკეთებს სწორ არჩევანს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამის შესახებ განცხადება მან TV პირველთან სატელეფონო საუბარში გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ძალიან თვალსაჩინოა ყველაფერი და მარტივი მისახვედრია: ერთი წლის წინ მოვიგეთ ეს ბრძოლა, მთავრობამ დაიხია უკან და აღმოჩნდა, რომ გადაგვაგდო, უკვე მერამდენედ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამით უნდა მივხვდეთ, რომ რაღაცას გვატყუებენ. მეორეც, დასავლეთი გვეუბნება, რომ ამ კანონს თუ მიიღებთ, სამომავლო ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ახლა აქეთ გვიმტკიცებენ, რომ ეს კანონი თურმე რუსული კი არა, ევროპულიაო.
ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები და თან ძალიან მარტივი: რუსეთი თუ დასავლეთი? მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ევროპა გვინდა. ღრმად მწამს, რომ კიდევ ერთხელ მოვიგებთ ამ ბრძოლას და კიდევ არაერთხელ. მარტივია, ყველაფერს უნდა შევეწინააღმდეგოთ, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპულ მომავალს”, – აღნიშნა მან.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.