გლდანი, ჭავჭავაძე და ბარათაშვილის ქუჩა – მერის თქმით, საგზაო სამუშაოები სრულდება

პუბლიკა

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა როგორც გლდანის რაიონის ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების, ასევე ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

„პირველი დავიწყებ გლდანიდან. თქვენ იცით, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დღეს უკვე ორივე ამსვლელ-ჩამსვლელი ქუჩა – ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩები დასრულებულია ზედა ფენებში. ძირითადი სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურის რაც იყო, ყველაფერი არის დამთავრებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად პროექტი არის დასრულებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ასევე ამ პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსების მოწყობის სამუშაოები. მისივე განცხადებით, სრულდება ველობილიკების მოწყობა და ასევე, უსაფრთხოების კუნძულების სამუშაოები, რომელიც, მერის თქმით, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

„ბოლოს უკვე შესრულდება დახაზვითი სამუშაოები – იქნება საავტობუსე შესაბამისი ზოლები. მთლიანად შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურა და განსხვავებულად იმოძრავებს ავტობუსები. თუმცა საგზაო ნაწილში მოასფალტება ორივე ცენტრალურ ქუჩაზე დასრულებულია. ის სამუშაოები, რაზეც ახლა ვსაუბრობდი, პარალელურად გაგრძელდება და 10 დღის ვადაში მთლიანად დასრულდება“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ასევე დასრულებულია ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც, მისივე შეფასებით, არ იყო კარგ მდგომარეობაში.

„ასევე, პანდუსის ნაწილიც, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და პრობლემას წარმოადგენდა ავტობუსებისთვის, პრობლემას წარმოადგენდა კერძო ავტომობილებისთვის, მთლიანად განახლდა ის მონაკვეთი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. აქაც უკვე მოასფალტება მთლიანად დასრულებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ამ დროისთვის, ქუჩაზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, რომელიც ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება და ადაპტირდება შშმ პირთათვის. მერის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დაყენდება LED სანათები, რომელიც, ასევე,  ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სამუშაოებიც პარალელურად მიმდინარეობს, თუმცა საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე დასრულებულია.

„მინდა, ასევე, რამდენიმე სიტყვა გითხრათ ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით. დღეს, ამ წუთში, უკვე დაიწყო ბოლო ფენის დაგება-მოასფალტება. ის დარჩენილი მონაკვეთი ვაკის პარკამდე ორი დღის განმავლობაში, ორშაბათამდე, მთლიანად დასრულდება. პარალელურად, რა თქმა უნდა, გრძელდება ტროტუარების მოწყობითი სამუშაოები, გამწვანებითი სამუშაოები და ბოლო ეტაპზე უკვე დაიხაზება, რადგან ახალ ასფალტზე არ შეიძლება საღებავის გადასმა იმიტომ, რომ ძალიან მალე შეიძლება დაზიანდეს. ამიტომ გარკვეული დრო დასჭირდება ამ პროცესს და შემდეგ უკვე შესრულდება დახაზვითი სამუშაოები, განათების ბოძების შეცვლა და ახალი განათების ბოძებისა და LED სანათების დაყენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერის შეფასებით, გამზირი საინტერესო გამოდის. მისი თქმით,  ჭავჭავაძის გამზირზეც ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლებია გამოყოფილი იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველანაირი შეფერხების გარეშე, უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება.

„ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე პოპულარული, ყველაზე კომფორტული საშუალება გადაადგილების ქალაქში“, – განმარტა კალაძემ.